რუსული მხარე მზად არის, მოუსმინოს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადებებს უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოსკოვში აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა შეუძლებელია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა „ინტერფაქსთან“ განაცხადა.
შეკითხვაზე, მზად არის თუ არა მოსკოვი, მოუსმინოს ტრამპის წინადადებებს, რიაბკოვმა განაცხადა: „ეს უკანასკნელი ყოველგვარ ეჭვგარეშეა. უდავოდ. ჩვენ უკიდურესად დეტალურად, პასუხისმგებლობით და ყურადღებით ვეკიდებით ნებისმიერ იდეას, რომელსაც ქვეყნები გვთავაზობენ ამ სფეროში“.
ამის ერთ-ერთ მაგალითად რუსმა დიპლომატმა ჩინეთ-ბრაზილიის ინიციატივა დაასახელა.
„თუ ამერიკული მხრიდან იქნება რამე სიგნალები , რომ მათ აქვთ იდეები დარეგულირების სივრცეში წინსვლასთან დაკავშირებით, და არა კიევის რეჟიმის ყველა სახის იარაღით მომარაგების კუთხით იმის მოლოდინით, რომ საბოლოოდ ეს გამოიწვევს მოსკოვის სტრატეგიულ მარცხს, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათს გავაანალიზოთ და შევიმუშაოთ პასუხი“, -განაცხადა რიაბკოვმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, დეკლარაციები, განცხადებები, დაპირებები და სიგნალები მნიშვნელოვანია.
„ამერიკული მხარისგან სხვადასხვა ხაზით და ყველა დონეზე ისინი მოდის და ეს ყველაფერი ფიქსირდება. თუმცა საჭიროა მოქმედებები და ჩვენს მიერ შეფასებები გაკეთდება მომავალი ადმინისტრაციის კონკრეტული საქმეების მიხედვით. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი უკვე ცნობილია და ის ჩვენთვის ცნობილია წინა ხელისუფლებაში ყოფნით. ვფიქრობ, მისი მხრიდან ზოგიერთი გზავნილი უკრაინაში სიტუაციის უსწრაფესად დარეგულირებასთან დაკავშირებით – ეს სხვა არაფერია, თუ არა რიტორიკა, წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღების მიქცევის ხერხი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
„გასაგებია, რომ ამ პრობლემის ან უკრაინაში და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ამ პრობლემების მარტივი გადაწყვეტა ვერ იქნება“, – აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.
წყარო: 1 არხი