შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც „როსსელხოზბანკსა“ და სურსათისა და სასუქის რუს მწარმოებლებს სანქციები მოეხსნებათ. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის განცხადებაში, რომელშიც შეჯამებულია 24 მარტს ერ-რიადში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები. მოსკოვი ასევე ზავის პირობად ასახელებს სურსათის ექსპორტში მონაწილე რუსული ბანკების მიერთებას საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-თან. რუსეთის SWIFT-ზე წვდომის აღდგენა ევროკავშირის თანხმობას მოითხოვს.
გარდა ამისა, კრემლი დაჟინებით მოითხოვს რუსეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და საკვებისა და სასუქების წარმოებაში გამოყენებული სხვა საქონლის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნას, ასევე სანქციების გაუქმებას რუსეთის გემებზე, რომლებსაც საკვები და სასუქები გადააქვთ.
კრემლის ცნობაში გამეორებულია თეთრი სახლის რამდენიმე განცხადება შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შესაჩერებლად ზომების შემუშავების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ საუდის არაბეთში მიღწეულია შეთანხმება შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის აკრძალვის შესახებ. ზელენსკის თქმით, დარტყმებზე მორატორიუმი შესაძლოა ამოქმედდეს თეთრი სახლის განცხადების გამოქვეყნებისთანავე.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა კიევს წიაღისეული რესურსების შესახებ ახალი გარიგება შესთავაზა.
„ეს არის სერიოზული დოკუმენტი და ასეთ დოკუმენტს მხარეები შეიმუშავებენ და შემდეგ ის გადაეგზავნება პარლამენტს რატიფიკაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიფინგზე და განმარტა, რომ შეთანხმებაში არ არის წამოჭრილი ატომური ელექტროსადგურების საკითხი.
ფორუმი
