უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის ორი წელს სრულდება და დასაველთის ქვეყნებში აქტუალურობას იძენს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების საკითხი. გამოცემა „ფაინეშალ ტაიმსის“ ინფორმაციით, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკვე შეიმუშავეს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება. ამავე ინფორმაციას ავრცელებს „ბლუმბერგიც“. ინფორმაციის სანდოობას კითხვისნიშნის ქვეშ აყენებენ მოსკოვში.
“ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად შეესაბამება ეს პუბლიკაციები რეალობას…მნიშვნელოვანია დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ყველაზე სერიოზული გამოცემებიც კი, სამწუხაროდ, შეგნებულად თუ არა, უამრავ შეცდომას უშვებენ”, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მან დასძინა, რომ თუ ეს ასე მოხდება, კრემლი სასამართლო დავებს დაიწყებს და ყველა გადაწყვეტილებას დაუპირისპირდება.
„რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია გააპროტესტებს ასეთ გადაწყვეტილებებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს და უკანონოდ ჩამორთმეულ აქტივებს… სხვისი საკუთრების ხელყოფა ძირს უთხრის ეკონომიკური სისტემის ყველა საფუძველს“, – თქვა პესკოვმა.
კრემლის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები რუსეთს გაყინულ აქტივებს ჩამოართმევენ, საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს კრემლიც.
მას შემდეგ რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა რუსეთს ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. შეწყდა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების განხორციელებაც. ამის საფაუძველზე ბანკის, დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში მდებარეობს, მასპინძელმა ქვეყნებმა გაყინეს.