Reuters-ის სააგენტოს თანახმად, კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ევროპული საპასუხო შეთავაზება არ არის კონსტრუქციული და მას მოსკოვი, უბრალოდ, ვერ მიიღებს.
გასულ კვირას აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტის გამოქვეყნებამ გააღრმავა უკრაინისა და ევროპის ქვეყნების შეშფოთება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა მიიღო რუსეთის ძირითადი მოთხოვნები ნატოსთან, ტერიტორიასთან და ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ქრონოლოგიასთან დაკავშირებით.
Reuters-ი გაეცნო ასლს, რომლის თანახმადაც ევროპული გეგმა მნიშვნელოვნად ცვლის ნატოსა და ტერიტორიასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების აზრსა და მნიშვნელობას.
„ერთი შეხედვით, ევროპული გეგმა… სრულიად არაკონსტრუქციულია და ჩვენ მას ვერ მივიღებთ” – განუცხადა კრემლის საგარეო პოლიტიკის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, ჟურნალისტებს მოსკოვში.
პარასკევს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეიძლება კონფლიქტის მოგვარების საფუძველი გახდეს, თუმცა თუ კიევი ამ გეგმაზე უარს იტყვის, მაშინ რუსული ძალები გააგრძელებენ წინსვლას.
უშაკოვმა განაცხადა, რომ „ამ (აშშ-ის) გეგმის არა ყველა, მაგრამ ბევრი დებულება ჩვენთვის სავსებით მისაღები ჩანს“. თუმცა, მან დასძინა, რომ ზოგიერთი მათგანი უფრო დეტალურ განხილვას მოითხოვს.




