სამშაბათს რუსეთმა უარყო ბრალდება, რომ თავს დაესხა კიევის ბავშვთა საავადმყოფოს და მტკიცებულებების გარეშე თქვა, რომ ორშაბათს მომხდარი უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო ცეცხლის ბრალი იყო.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გაიმეორა მოსკოვის დაჟინებული მტკიცება, რომ ის უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს არ უტევს.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთმა ორშაბათს რუსული Kh-101 საკრუიზო რაკეტით დაარტყა კიევის მთავარ ბავშვთა საავადმყოფოს და უკრაინის რამდენიმე ქალაქს, რის შედეგადაც 41 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ადგილზე აღმოჩენილია Kh-101-ის უკანა ნაწილის ფრაგმენტები.
“ექსპერტების დასკვნები ცალსახაა – ეს იყო პირდაპირი დარტყმა”, -განაცხადეს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გაეროს უკრაინაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ განაცხადა, რომ მათი ანალიზის მიხედვით, მომხდარი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო რუსული რაკეტის პირდაპირი დარტყმით.
პესკოვს ყოველდღიურ ბრიფინგზე ჰკითხეს, როგორ შეიძლება რუსეთმა თქვას, რომ საავადმყოფოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სამოქალაქო ობიექტებს არ ესხმის თავს.
„მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებით, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს, რომ იყო თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე “, – განაცხადა მან.
“ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მკტიცებას, რომ არ ვუტევთ სამოქალაქო ობიექტებს. დარტყმები განხორციელდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამა თუ იმ გზით დაკავშირებულია რეჟიმის სამხედრო პოტენციალთან.”
Kh-101, რომელიც უკრაინის თქმით, ბოლო საჰაერო თავდასხმისას გამოიყენებოდა, არის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ჩვეულებრივ ატარებს 450-კილოგრამიან ასაფეთქებელ ქობინს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ უარყო კიევის ვერსია და მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ მომხდარი უკრაინის მიერ გასროლილი NASAMS-ის ტიპის რაკეტის ბრალი იყო.