კრემლის კედლებთან მობილიზაციის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირერიცხოვან აქციაზე რამდენიმე პირი, მათ შორის ჟურნალისტები დააკავა.
აქციის ორგანიზატორი მობილიზებული სამხედროების ცოლების მიერ შექმნილი ჯგუფი, “გზა სახლისკენ” იყო.
რუსულმა მედია SOTA-მ გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ პოლიციელებს მამაკაცები, რომლებსაც ტანსაცმელზე აწერიათ, რომ პრესის წარმომადგენლები არიან. როგორც ეს მედია ირწმუნებოდა, “დააკავეს მამრობითი სქესის თითქმის ყველა ჟურნალისტი”.
კიდევ ერთი რუსული ტელეგრამ-არხი, Сирена წერს, რომ დააკავეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც დემონსტრანტების მიერ მარადიული ცეცხლის მემორიალთან ყვავილების დადების პროცესს იღებდა. ტელეგრამ-არხი Осторожно, новости კი წერს, რომ დაკავებულია 25 ადამიანზე მეტი, მათი უმრავლესობა კი ჟურნალისტები არიან. მათივე ცნობით, დაკავებულთა შორის იყვნენ Осторожно, новости-ის, Sota.Vision-ის, Коммерсант-ის, France Press-ის, Spiegel-ისა და უფლებათა დამცველი ორგანიზაცია За права человека-ს ჟურნალისტები.
მედია ВД-Инфо-ს ცნობით, დაკავებული იყო 27 პირი, აქედან, სულ მცირე ერთი ადამიანი უშუალოდ აქციის მონაწილე იყო. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაკავებულთა შორის იყო იაპონური მედია ფუჯის წარმომადგენელი, ანდრეი ზაიკოვიც. ჟურნალისტები მცირე ხნის შემდეგ პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.
SOTA-ს ცნობით, ჯერჯერობით დაკავებულები რჩებიან მობილიზებული პირების ნათესავები და აქციის ორგანიზატორი ჯგუფის მხარდამჭერები.
ჯგუფი “გზა სახლისკენ” აქციას მართავდა კრემლის კედლებთან. მათ ალექსანდროვის ბაღში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალია, ყვავილები მიიტანეს. ეს ჯგუფი მსგავს აქციებს ყოველ შაბათს მართავს. ეს მეცხრე აქცია იყო. ოპოზიციონერი მაკსიმ კაცი და ალექსეი ნავალნის ჯგუფი მხარს უჭერდა ამ დემონსტრაციებს და ავრცელებდა მოწოდებებს, შეერთებოდნენ მათ. მოძრაობა “გზა სახლისკენ” ითხოვს რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომელიც მობილიზაციას დაასრულებს.