კრაფტ ლუდი Bayo Brewery წარმოებას აათმაგებს – კომპანიის გეგმები

კრაფტ ლუდის მწარმოებელი კომპანიის Bayo Brewery-ს თანადამფუძნებლის, გიორგი მარუაშვილის განცხადებით, კომპანია წარმოების გაათმაგებას გეგმავს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ კომპანიამ წარმოების ზრდისთვის დანადგარები შეიძინა, რისთვისაც დაახლოებით 100 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად, კომპანია ამ დრომდე თუ თვეში 8000 ბოთლ ლუდს ასხამდა, ახლა რაოდენობა თვეში 40 000 ბოთლამდე უნდა გაიზარდოს.
მარუაშვილის თქმითვე, ამ ეტაპზე საექსპორტო მიმართულებით მუშაობას უახლოეს მომავალში არ გეგმავს და ორიენტირებულია მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე.
„ჩვენი წარმადობა თვიურად 8000 ბოთლია. თუმცა, წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ, რისთვისაც დანადგარი უკვე შეკვეთილი გვაქვს და ჩამოსვლას ველოდებით. წარმოებას დაახლოებით გავაათმაგებთ და თვიურად, დაახლოებით 40 000 ბოთლს ჩამოვასხამთ“, – ამბობს ბიზნესმენი.
მარუაშვილი ჩვენთან საუბრისას 2024 წელს აფასებს და ამბობს, რომ პირველი 10 თვე ძალიან კარგი იყო, თუმცა ბოლო ორი თვის, ანუ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში გაყიდვები შეუმცირდათ და ეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
„დიდი ვარდნა იყო. ჩვენი შესაძლებლობების 10-15%-ს ვყიდდით. ვარდნა იყო 80-85%-ით. თუმცა, მიმდინარე წელს უკვე პოზიტიური ძვრები შეინიშნება“, – აცხადებს Bayo Brewery-ს თანადამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ წელს ლიმიტირებული ლუდის კოლექცია გამოუშვა, რომელიც სარაჯიშვილის კონიაკის კასრში ერთი წლის განმავლობაში იყო დავარგებული. ლუდი ლიმიტირებული კოლექციიდან სტანდარტულ ლუდთან შედარებით სამჯერ უფრო ძვირი ღირს.
„გასული წლის ბოლოს, დიდი ხნის წინ დაანონსებული სარაჯიშვილის კონიაკის 400-ლიტრიან კასრში დავარგებული “იმპერიალ სტაუტი”, რომელსაც კასრში ერთი წელი ვავარგებდით, რეალიზაციაშია ჩაშვებული. ის ლიმიტირებულია და მომხმარებლისთვის მხოლოდ 1200 ბოთლია ხელმისაწვდომი. ეს პროდუქტი სტანდარტულ პროდუქტთან შედარებით, სამჯერ უფრო ძვირია. ბოთლის ღირებულება საშუალოდ, 20-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ვაპირებთ, რომ აღნიშნული მეთოდით ლუდის წარმოება დავნერგოთ. შესაბამისად, მივიღოთ სხვადასხვა ტიპის კასრები. ეს იქნება ღვინის, ბრენდის თუ სხვა ალკოჰოლის მუხის კასრი. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებელს ლიმიტირებულ პროდუქციასაც შევთავაზებთ“, – განაცხადა გიორგი მარუაშვილმა.