7 აგვისტოს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები „კიევის რეჟიმის” უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდნენ.
კრასნოდარის მხარის ხელისუფლებას არაფერი უთქვამს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლებიც რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ.
ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხანძრები გაჩნდა ქალაქ ყუბანის სლავიანსკის სამხედრო ნაწილში და დაბა აფიპსკისთან მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
სამხედრო ნაწილსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე არაფერია ნათქვამი კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კონდრატიევის თანახმად, მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ყუბანის სლავიანსკში ერთი ადამიანი დაშავდა, კერძო სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა და სამეურნეო ნაგებობა დაინგრა. გუბერნატორი საერთოდ არ ახსენებს დაბა აფიპსკის.
კრასნოდარის მხარის ამ რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო გასულ თვეებშიც.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორ კონდრატიევის მტკიცებით, 7 აგვისტოს უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, შავი ზღვის აკვატორიაში, ნოვოროსიისკის მახლობლად მოგერიებულია უეკიპაჟო კატერების შეტევაც.
კატერების შესახებ არაფერია ნათქვამი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმად, 6 აგვისტოს 23:30 საათიდან 7 აგვისტოს 06:10 საათამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 82 უკრაინული საფრენი აპარატი და მათგან 9 კრასნოდარის მხარეში, 8 კი შავი ზღვის აკვატორიის თავზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი
