კრასნოდარის მხარეში უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაზე

კვირას, 6-7 სექტემბრის ღამით, დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. შედეგად ერთ-ერთ ტექნოლოგიურ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ჩააქრეს, მსხვერპლი არ ყოფილა. ამის შესახებ რეგიონული ოპერატიული შტაბი იტყობინება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა უკრაინული დრონების თავდასხმა ილსკის ქარხანაზე. უკრაინული მხარის ცნობით, საწარმო ს არმიისთვის საწვავის მისაწოდებლად გამოიყენება. დარტყმის შედეგები ზუსტდება. ქარხანა ადრეც იყო მსგავსი თავდასხმების სამიზნე.
რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზეც. სერგეევ-პოსადისა და კრასნოზავოდსკის მაცხოვრებლებმა ტელეგრამის არხ Shot-თან საუბრისას განაცხადეს, რომ აფეთქებების ხმა გაიგეს. მათი თქმით, დრონები საკმაოდ დაბლა დაფრინავდნენ და სულ დაახლოებით 10 აფეთქების ხმა გაისმა ერთ-ერთი ადგილობრივი საწარმოს ტერიტორიაზე. კრასნოზავოდსკის ჩატებში გავრცელდა ინფორმაცია ადგილობრივ საწარმოზე თავდასხმის შესახებ.
უკრაინული ტელეგრამის არხი Exilenova+ წერს, რომ დარტყმის სამიზნე იყო კრასნოზავოდსკის ქიმიური ქარხანა. მოგვიანებით უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრი კოვალენკომ, ამ საწარმოზე თავდასხმის შესახებ დაწერა. მისი თქმით, იქ იწარმოება ასაფეთქებელი ნივთიერებები, დენთი, საბრძოლო მასალისა და სარაკეტო შეიარაღების კომპონენტები.
ვორონეჟის ოლქში, ანინსკის რაიონში ფერმის მუშა მძიმედ დაშავდა მოგერიებული დრონის ჩამოვარდნის შედეგად, იტყობინება რეგიონის ხელმძღვანელი, ალექსანდრ გუსევი. ბელგოროდის ოლქში სოფელ გრუზსკოეში, FPV-დრონის თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, აღნიშნა გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
უკრაინულმა დრონებმა ასევე დაარტყეს ნავთობსადენ „დრუჟბის“ ინფრასტრუქტურას, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ. დაბომბეს ბრიანსკის ოლქის სოფელ ნაიტოპოვიჩიში მდებარე საწარმოს სადისპეტჩერო სადგური „8-H“. რეგიონული ხელისუფლების ცნობით, იერიშს მსხვერპლი და ზარალი არ მოჰყოლია.
ფორუმი