უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში დაიღუპნენ უკრაინული ტელეარხის, Freedom-ის ჟურნალისტი ალიონა გრამოვა(გუბანოვა) და ოპერატორი ევგენ კარმაზინი. ისინი აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში მუშაობდნენ.
Freedom-ის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი რუსული დრონით, „ლანცეტით“ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.
დრონით შეტევის დროს ჟურნალისტი და ოპერატორი ბენზინგასამართ სადგურზე ავტომობილში იმყოფებოდნენ. დაჭრილია სპეციალური კორესპონდენტი ოლექსანდრ კოლიჩევი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კრამატორსკი დონეცკის ოლქის იმ ნაწილშია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. ქალაქი რუსეთის ჯარების მუდმივი შეტევის ქვეშაა.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში დაღუპულია მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი.
