აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ევროპელი ლიდერებისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა ვირტუალური სამიტი გამართეს, რომლის მიზანიც გუშინდელი მოლაპარაკებების შედეგების და შემდგომი ნაბიჯების EU-ის 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერისთვის გაცნობა იყო.
სამიტის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ X-ზე დაწერა, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე, ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ასევე, დაუდასტურა ერთგულება რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად.
“ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის მკვლელობების შეჩერება, ტყვეების გაცვლის პროცესის წინსვლა და რუსეთის მიერ გატაცებული ათასობით ბავშვის დაბრუნების უზრუნველყოფა. ვიმუშავებთ აშშ-სთან ერთად კონკრეტულ და აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებზე.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-სთან ერთად, მოვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და გაფართოების პროცესის წინსვლა. უკრაინის მომავალი ასევე იმ კეთილდღეობასა და სტაბილურობაშია, რომლის უზრუნველყოფაც ევროკავშირის წევრობას შეუძლია”, – წერს ანტონიო კოშტა.
