უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსები გმობენ ევროპიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარიაზე კვერცხებით თავდასხმას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
დღის განმავლობაში განცხადებები გაავრცელეს გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიანემ, მიხაილ როთმა და სხვებმა.
გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი:
სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს თავს დაესხნენ. მეორე თავდასხმა ჩამოსულ მგზავრებზე ორ დღეში. საერთოდ, უსაფრთხოა ეს ადგილი?“ – წერს პიტერ ფიშერი და “თაგავს” თურქულ კომპანია Tav-ს, რომელიც აეროპორტებს მართავს. „დადგება რაიმე პასუხისმგებლობა?“ – კითხულობს იგი.
ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან, რასა იუკნევიჩიენე:
„ქართული ოცნების ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე… ბიძინა ივანიშვილი ღიად იყენებს „რუსკი მირის“ მეთოდებს. კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულად ემთხვევა ერთმანეთს: საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება“.
კონგრესმენი ჯო უილსონი:
„ივანიშვილის ბრუტალური რეჟიმი თავს დაესხა ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო ეფლობა კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც აშშ-ის მტრებთანაა თანხვედრაში. გვჭირდება სასწრაფო სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი:
„საქართველოში ყოველდღე უარესდება ვითარება. რა კოშმარია. იმედი მაქვს პრეზიდენტი ზურაბიშვილი კარგად არის“.
ვიოლა ფონ კრამონი ამჟამად გერმანიის ბუნდესტაგის წევრობის კანდიდატია.
მიხაილ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე:
„რა ჯანდაბა ხდება საქართველოში?! ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება პასუხისმგებლობა პატიოსანი დემოკრატებისა და მამაცი, თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში ძალადობასა და სიძულვილზე. ყველაფერი საუკეთესო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს!“
18 თებერვალს გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.
წინა დღეს, 17 თებერვალს, მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს, ესროლეს კვერცხები აეროპორტში.
17 თებერვალს, გახარიას ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელეკომპანია „პოსტივის“ წამყვანმა ნათია ბერიძემ ფეისბუკზე მონიშნა სალომე ზურაბიშვილი და დაწერა:
„ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.
