კოშმარი – “ბარსელონამ” მამარდაშვილს შვიდი გოლი გაუტანა

ლა ლიგის ოცდამეერთე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:7 განადგურდა.
ამ მატჩზე სასაუბრო ბევრი არაფერია, რამეთუ ყველაფერზე ანგარიში მეტყველებს. მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. „ღამურების“ დაცვის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კი მესამე გოლისას გამოსვლაზე დაუშვა შეცდომა.
შესვენების შემდეგ უგო დურომ ანგარიში შეამცირა, თუმცა მალე შეცვლაზე შესულმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, მერე ტარეგამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
„ვალენსია“ 16 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და 2 თებერვალს „სელტას“ უმასპინძლებს.
ბარსელონა – ვალენსია 7:1
გოლები: 1:0 დე იონგი (3), 2:0 ფერან ტორესი (8), 3:0 რაფინია (14), 4:0 ფერან ტორესი (24), 5:0 ლოპესი (45+4), 5:1 დურო (59), 6:1 ლევანდოვსკი (66), 7:1 ტარეგა (75, საკ. კარში)