კოშკის რეაბილიტაციის ქართულმა პროექტმა ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს გრან-პრი მოიგო

ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო – ევროპა ნოსტრას ჯილდომ 2024 წლის 26 გამარჯვებულს შორის ხუთი გრან-პრისა და ხალხის რჩეულის ჯილდოს მფლობელები გამოავლინა.
„მოქალაქეთა მიერ ცისკარაულის კოშკის რეაბილიტაცია“ (ახიელი, საქართველო) კონკურსის 2024 წლის გრან-პრის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს თანადამფინანსებელი ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა არის.
ქართულმა პროექტმა, რომელმაც ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა, კატეგორიაში, „მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება“, გაიმარჯვა.
„ცისკარაულის კოშკის აღდგენაზე სამი წლის განმავლობაში 46 ქართველი და საერთაშორისო მოქალაქე ტექნიკურ ექსპერტებთან და ტრადიციულ ხელოსნებთან ერთად მუშაობდა. პროექტმა აამაღლა ცნობიერება ქართული მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ ევროპის მასშტაბით. პროექტის წამყვანი პარტნიორი იყო ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTO), რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ ფონდთან, რამპართან (REMPART) (საფრანგეთი) და სიდლეჩინის კოშკის ასოციაციასთან (პოლონეთი). პროექტი განხორციელდა კონფლიქტურ რეგიონებში მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსის (ALIPH) მხარდაჭერით.
ხევსურული კოშკის აღდგენის პროექტი 2021-2023 წლებში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული ცისკარაულების კოშკის გადარჩენას გულისხმობდა.
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა. პროექტი ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ