კოტე ჯანდიერი: ყველას აქვს უფლება გამოთქვამდეს, აღიარებდეს ან მხარს უჭერდეს ამა თუ იმ მოსაზრებას. უბედურება იწყება მაშინ, როდესაც რაიმე იდეა, მსოფლმხედველობა ან რომელიმე იდეოლოგია იწყებს გატოტალურებას

კონსერვატიული პორტალი geo-first.com გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მწერალ კოტე ჯანდიერთან

– მსოფლიო იცვლება და როგორც ჩანს, ყველაზე რთულად ახალ რეალობასთან ადაპტაციას ევროპა გადის. ევროპაში საკმაოდ ქაოსური მდგომარეობაა, ევროკავშირი ცდილობს თამაშგარე მდგომარეობიდან თამაშის გაგრძელებას. როგორ ფიქრობთ, რამ მიიყვანა ევროკავშირი ამ მდგომარეობამდე?

ვფიქრობ, ამას ორი მიზეზი აქვს − მენტალური და პოლიტიკური. რომის იმპერიის მსხვრევა არა მხოლოდ უდიდესი გეოპოლიტიკური, არამედ საშინელი მენტალური კატასტროფა იყო ევროპის კონტინენტზე იმ დროს მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს იყო მორალის, კანონის, კულტურისა და ზოგადად, აზროვნების დაცემის ხანა, რომელსაც „ბნელ“ საუკუნეებად მოიხსენიებენ შემდგომი დროის ქრონისტები. ხელახალ ცივილიზაციურ აღმავლობას მძლავრი იმპულსი „წმინდა წერილმა“ და ზოგადად, ქრისტიანობის გავრცელებამ მისცა, თუმცა მრავალი წინააღმდეგობაც წარმოშვა. ანტიკური ცივილიზაციისა და ქრისტიანული მოძღვრების ჰარმონიზაციის მტკივნეული პროცესი ახალი წელთაღრიცხვით IV საუკუნის ბოლოს დასრულდა.

ახალი, საკუთრივ ევროპული ცივილიზაცია დაეფუძნა ანტიკურ ფილოსოფიურ რაციონალიზმს, რომაულ სამართალსა და ქრისტიანულ ეთიკას. ეს დიდი ტრიადა, ევროპული მენტალობისა და ევროპული იდენტობის საფუძველი, მყარი ქვაკუთხედი გახადა.

მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ აღორძინების ხანაც, განმანათლებლობაც, კლასიკური ლიბერალიზმიც, თავისუფლების დიდი ქარტიაც და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაც არსებითად თანხმობაშია ევროპული მენტალობისა და იდენტობის ამ განმსაზღვრელ საფუძვლებთან.

პირველი ბზარი ევროპული ფასეულობების სისტემაში უკავშირდება ფრანკფურტის უნივერსიტეტში 1923 წელს დაარსებულ სოციალურ კვლევათა ინსტიტუტთან (არსებითად მარქსიზმის შესწავლის ცენტრთან), რომელიც უფრო ფრანკფურტის სკოლის სახელითაა ცნობილი. თეოდორ ადორნო, მაქს ჰორკჰაიმერი, იურგენ ჰაბერმარსი, ჰერბერტ მარკუზე, უნგრელი დიორდ ლუკაჩი და სხვა ნეომარქსისტები მიიჩნევდნენ, რომ კაპიტალიზმის წინააღმდეგ წამოწყებულ ეპიკურ ბრძოლაში კარლ მარქსმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა მთავარ რევოლუციურ ძალად და მომავალი ბედნიერი სამყაროს მედროშედ პროლეტარიატი მიიჩნია. პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პროლეტარებმა, იმის მაგივრად, რომ გაერთიანებულიყვნენ კაპიტალისტების წინააღმდეგ, ხელში იარაღი საკუთარი ქვეყნების დასაცავად აიღეს. მათში პატრიოტიზმი და ტრადიციული ფასეულობები კლასობრივ სოლიდარობაზე ძლიერი აღმოჩნდა.

აქედან გამომდინარე, ფრანკფურტელმა ნეომარქსისტებმა მთავარ სამიზნედ მთლიანად დასავლური კულტურა გამოაცხადეს, მათ შორის ქრისტიანობა, ოჯახის ინსტიტუტი, პატრიარქატი, ტრადიციები, სექსუალური შეზღუდვები, ცოლ-ქმრული ერთგულება, პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი, ეთნოცენტრიზმი და კონსერვატიზმი.

იტალიელი კომუნისტი და ნეომარქსისტი ანტონიო გრამში პირდაპირ წერდა: „ცივილიზებული სამყარო 2000 წელი ქრისტიანობის უღელქვეშ იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, იუდეურ–ქრისტიანულ წარმოდგენებზე დაფუძნებული რეჟიმის განადგურება შეუძლებელია ამ სარწმუნოებრივი წარმოდგენების სრული აღმოფხვრის გარეშე. ამიტომ, თუკი ქრისტიანობა დასავლეთის დამცავი ფარია, გამოდის, რომ დასავლური სამყაროს დასამორჩილებლად, ჯერ მისი დექრისტიანიზაცია უნდა განხორციელდეს“. რათა ეს ამოცანა შესრულდეს, აუცილებელია კულტურული ჰეგემონიის ხელში ჩაგდება. ამისთვის კი მასების ფსიქოლოგიური დამუშავებაა საჭირო და არა ფილოსოფიური განსჯა და დისპუტი. გვეცნობა არა, ქართველებს? სკოლიდან მოყოლებული, უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული, მოსწავლე-ახალგაზრდობას უნდა ჩაუნერგონ აზრი, რომ მათი მშობლები ბნელი რასისტები, ნისტები, ჰომოფობები და ფაშისტები არიან, რომ მათი მორალი დასაგმობი და სასწრაფოდ გასაუქმებელია.

შეკითხვაზე, ამ კულტურულ ტრანსფორმაციასა თუ რევოლუციაში, პროლეტარიატის ნაცვლად, ვინ უნდა განახორციელოს გამწევი ძალის ფუნქცია? − მარკუზე პასუხობს, რომ ესენი უნდა იყვნენ რადიკალური ახალგაზრდული ჯგუფები, ფემინისტები, შავკანიანები, ჰომოსექსუალები, მარგინალები, ეთნიკური უმცირესობები, რევოლუციონერები ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებიდან; ზოგიერთი ტიპის სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომელთა გმირად გამოცხადება შესაძლებელია − ერთი სიტყვით, საძაგელი ქრისტიანული ცივილიზაციის მიერ „ჩაგრული უმცირესობის“ ყველა ჯგუფი, რომელსაც კი დავაჯერებთ, რომ ისინი სისტემის მსხვერპლი არიან.

ტრადიციონალისტებმა ევროპაში პირწმინდად დაუთმეს სკოლის საკლასო ოთახები და საუნივერსიტეტო აუდიტორიები ლიბერალ-გლობალისტებს. შედეგად, როგორც ვხედავთ, დექრისტიანიზაცია, კულტურის პაგანიზაცია და პატრიოტიზმის მოჩლუნგება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უფრო დიდი წარმატებით განხორციელდა,

ვიდრე -ში, თუმცა თავდაპირველად მთავარი იმპულსები ამერიკაში გადაბარგებული ფრანკფურტის სკოლის ლიდერებისგან მოდიოდა. დღეს თვალნათლივ ვხედავთ, რომ ევროპელებისგან ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა. საბედნიეროდ, ეს არ ეხება ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას.

ასეთი მენტალური რეალობა, ფაქტია, თავის გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკურ ინტენციასა და პოზიციონირებაზე.

ბოლო რამდენიმე ათწლეულია ევროკავშირი თავის უსაფრთხოებას ფინანსურად, ტექნიკურად და ორგანიზაციულად ამერიკის შეერთებული შტატების, ან NATO-ს (რაც არსებითად იგივეა) ხარჯზე ახორციელებდა, ეკონომიკური კეთილდღეობა კი ძირითადად ს იაფ ენერგომატარებლებზე ყოფილა დაფუძნებული.

რომ არ არსებობდეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის ბირთვული არსენალი, აშშ-ის გარეშე ევროკავშირი არანაირ სამხედრო ძალას არ წარმოადგენს პოტენციური აგრესორისათვის. რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის მონაცემებით, 2022 წლისთვის როდესაც რუსეთი ში შეიჭრა, ევროპაში არ არსებობდა არცერთი თავიდან ბოლომდე, სრულად დაკომპლექტებული და აღჭურვილი დივიზია.

როდესაც ევროკავშირი ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებში სრულუფლებიან მონაწილეობას ითხოვს, ეს გასაგებია, მაგრამ საკითხავია − რამდენადაა შესაძლებელი თანასწორ პარტნიორად აღგიქვან, როდესაც შენი უსაფრთხოება პრაქტიკულად აშშ-ზეა დამოკიდებული, ხოლო ეკონომიკა − რუსულ გაზზე?

– ტრამპის გამარჯვებამდეც ევროპაში კონსერვატიული მემარჯვენე ძალები სულ უფრო პოპულარული ხდებოდნენ. როგორ ფიქრობთ, ამერიკაში პოლიტიკის შემობრუნება ტრადიციული ღირებულებებისკენ, დააჩქარებს ევროპაში ლიბერალური იდეოლოგიის დასასრულს?

საქმე კარგ ან ცუდ იდეებში არ არის. ყველას აქვს უფლება გამოთქვამდეს, აღიარებდეს ან მხარს უჭერდეს ამა თუ იმ მოსაზრებას.

უბედურება იწყება მაშინ, როდესაც რაიმე იდეა, მსოფლმხედველობა ან რომელიმე იდეოლოგია იწყებს გატოტალურებას.

ეს შეიძლება იყოს რელიგიური ფუნდამენტალიზმი, კომუნიზმი, ნაციონალიზმი, ლიბერალიზმი − არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის იდეოლოგიასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი შეიძლება სიგიჟემდე მიიყვანო, თუკი ნებისმიერი სხვა აზრის სრულ მოსპობას და რომელიმე იდეის ტოტალურად, ცეცხლითა და მახვილით, საინფორმაციო თუ ფიზიკური ტერორით დამკვიდრებას იწყებ. ეს დაემართათ ნეოლიბერალებს − დღეს მათ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებაში ედებათ ბრალი.

ცხადია, ტრამპის დამაჯერებელი გამარჯვება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროპელი კონსერვატორებისათვის დიდი სტიმული, საყრდენი და აქტიური მოქმედების სიგნალია. დარწმუნებული ვარ, ვერავითარი ტოტალიტარული იდეოლოგია, ვერც გლობალისტური ნეოლიბერალიზმი დიდხანს ვერ იქნება გაბატონებული ევროპის კონტინენტზე. თუმცა ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია ჯერ კიდევ ლიბერალური ტოტალიტარიზმის ფორპოსტად რჩება. მთავარი ბრძოლა კონსერვატორებსა და ნეოლიბერალებს შორის წინ არის, მაგრამ ამ ბრძოლაში გამარჯვება არ უნდა ნიშნავდეს ერთის სრულად მოსპობას და მეორის გაბატონებას.

– ყოველივე ზემოხსენებულის გავლენა როგორი იქნება საქართველოზე? ამ ცვლილებების ქართული კონტექსტის შესახებ თქვენი აზრი გაგვიზიარეთ. დასრულდება ევრო–ისტერია, რომელიც საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ღრმად გაჯდა?

ფაქტია, რომ ტრენდი იცვლება, ლიბერალიზმად წოდებული ტოტალიტარული იდეოლოგია, პოლიტიკური ურთიერთობებისა და მმართველობის პრაქტიკა, ღია კრიტიკის საგანი ხდება.

თუნდაც ორი წლის წინ, ვინ იფიქრებდა, რომ ვინმე გაბედავდა ყოვლისშემძლე USAID-ის პროგრამების დახურვას, მისი „ჰედ-ოფისის“ თანამშრომლებს კი 15 წუთს მისცემდა პირადი ნივთების გამოსატანად და შენობის დასაცლელად.

ყველაზე ოდიოზური კი იმ პროექტების ჩამონათვალი აღმოჩნდა, რომლებსაც ეს ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებდა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულით. ჩვენი „ენჯეოშნიკები“ და ოპოზიციური პარტმუშაკები ამას არ იმჩნევენ, თუმცა ევროკავშირის მიერ მათთვის გამოყოფილი თანხები მილევადია და ეს არ შეიძლება არ იცოდნენ.

უბედურების წყარო, მე მგონი, ერთ ლოგიკურ შეცდომაში მდგომარეობს − ჩვენ ერთმანეთში აგვერია მიზანი და მისი მიღწევის საშუალება. მახსოვს, თინა ხიდაშელმა (მაშინ, მე მგონი თავდაცვის მინისტრი იყო) თქვა თუ დაწერა − ჩვენ მზად ვართ NATO-ში გაგვაწევრიანონ მათი წესდების მე-5 პუნქტის გარეშეო. სწორედ ეს მეხუთე პუნქტი გვეუბნება, რომ NATO-ს რომელიმე ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ავტომატურად ნიშნავს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადებას; ეს პუნქტი ანიჭებს უსაფრთხოების ქოლგას ალიანსის წევრებს და თუ ამ პუნქტის მოქმედებას შევაჩერებთ საქართველოსთან მიმართებაში, მაშ რისთვისღა შევდივართ NATO-ში − ახალი ომისკენ რუსეთის წასახალისებლად? NATO-ში გაწევრიანების გეგმა რომ სრული ბლეფია, ეს ხომ გავიგეთ სგან. ასევე ბლეფი მგონია ევროკავშირში ისეთი ქვეყნის გაწევრიანება, რომელსაც მასთან საერთო საზღვარიც კი არ გააჩნია, აღარაფერს ვამბობ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამ საკითხებზე სერიოზული მსჯელობა და დისკუსია არ მაგონდება. არადა, კონსტიტუციაში ჩაწერილი ალიანსისკენ სწრაფვის მოთხოვნა შექმნილ ვითარებაში უაზრო, და მეტიც − უბრალოდ სახიფათოა რომაა ქვეყნისთვის, ამას დიდი პოლიტოლოგობა არ სჭირდება.

სერიოზული და რთული თემაა საქართველოს ნეიტრალური სტატუსის საკითხი. არ არსებობს რაიმე აკადემიური პლატფორმა, სადაც ამ საკითხებს სერიოზულად სწავლობენ და განიხილავენ. გაუგებარია, რას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები? რატომ არ არსებობს ქვეყანაში სტრატეგიული კვლევითი ცენტრები ან მუდმივად მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფები, მაშინ, როდესაც ათას მესამეხარისხოვან ღონისძიებებზე ფული არ გვენანება?

ფუჭი დაპირებებისა და უსაფუძვლო ილუზიების დრო დამთავრდა. საბედნიეროდ, სამყაროში რეალური, პრაგმატული პოლიტიკის ეპოქა დგება.

– როგორ ფიქრობთ, რა იყო ის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები თუ გადაწყვეტილებები, რომლებმაც საქართველო გადაარჩინა, რამაც გაგვაძლებინა ზემოქმედებისა და რევოლუციური პროცესებისათვის? რა გზა გავიარეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში და რამ შეუნარჩუნა საქართველოს მშვიდობა?

რაც უნდა კრიტიკულად ვიყო განწყობილი „ქართული ოცნების“, საზოგადოებასთან მისი კომუნიკაციის ხარისხის თუ საკადრო პოლიტიკის მიმართ, უნდა ვაღიარო − დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს მთავრობა, ნებისმიერი სხვა, დღეს ოპოზიციაში მყოფი ძალა იძულებული იქნებოდა ამა თუ იმ ფორმით ჩართულიყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში… ზოგიერთი მათგანი კი სრულიად შეგნებულად, ცივი გონებით წავიდოდა ამაზე.

„ქართულმა ოცნებამ“, ფაქტია, გაუძლო უპრეცედენტო საგარეო და საშინაო დაწოლას და ქვეყანას აარიდა რეალური საფრთხე. ამის დავიწყება არ შეიძლება.

რაც შეეხება სამოქალაქო მშვიდობასა და სამოქალაქო დაპირისპირებას: საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ცოცხალია რამდენიმე თაობა, რომელსაც კარგად ახსოვს, როგორ ერთბაშად, უეცრად შეიძულა ხალხმა ერთმანეთი და 9 აპრილს ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება ერთმანეთის სისხლს მოწყურებულ ველურ ტომად გადაიქცა. მე მეჩვენება, რომ გარედან ყველაფერი კეთდება ამ სცენარის განმეორებისათვის და თუ ჯერ აქამდე არ მისულა საქმე, ეს იმ სასტიკი გამოცდილებისა და მეხსიერების დამსახურებაა.