კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ, მომღერალ კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუმძიმდა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებულს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღით გულმკერდის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილას დააკავეს. დაზარალებული მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
იხილეთ ასევე:
· თბილისში, მომღერალი კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში დაჭრეს | მდგომარეობა მძიმეა
· “არ იცის ეს პიროვნება ვინ არის, არც ნანახი ჰყავს, ერთი კვირის წინაც ანალოგიური შემთხვევა იყო” | სანიკიძე დედის თვალწინ დაჭრეს
· ექიმის თქმით, სანიკიძე კონტაქტურია და დღეს პალატაში გადავა | უცნობია როდის გამოკითხავენ დაჭრილს