კოსტაკურტა: “ნაპოლი” საშინლად თამაშობდა, მაგრამ მსაჯი შეცდა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონასა” და “ნაპოლის” (3:1) დაპირისპირებაზე ისაუბრა. “მილანის” ყოფილი მცველის თქმით, “პარტენოპეი” რიგ ეპიზოდებში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენის წაქცევის ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
“ჩემი აზრით, “ნაპოლიმ” წაგება დაიმსახურა, კალცონას გუნდმა პირველ 25 წუთში საშინლად ითამაშა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ “პარტენოპეი” პენალტს იმსახურებდა და ამ ეპიზოდში მსაჯი შეცდა.
“ნაპოლიმ” ბოლო პერიოდში მოუმატა, გუნდი გაუმჯობესდა. სკუდეტოს მოგების შემდეგ უმაღლეს დონეზე თამაში ძალიან რთულია, მით უმეტეს, თუ ამ ტიტულს იშვიათად იგებ.
წინა თვეებთან შედარებით, “პარტენოპეი” უკეთესად გამოიყურება”, – განაცხადა კოსტაკურტამ.