კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო Hilton-ის გახსნის ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდა – განკარგულება

კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობაში Hilton-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის თარიღი 2027 წლის 19 ნოემბრამდე გადავადდა – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან ვიგებთ.

დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „გრანატს“ შორის 2021 წლის 2 ივლისს დადებული „ვალდებულების აღების თაობაზე“ ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებულ პირობაში.

კონკრეტულად კი აღნიშნული მუხლი ასე ჩამოყალიბდა:

„უზრუნველყოს #01.15.03.004.075 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროსა და აპარტამენტებს ან სასტუმროს) აშენება, შესაბამისი შენობა – ნაგებობ(ებ)ის კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება არაუგვიანეს 2027 წლის 19 ნოემბრისა“.

მთავრობის განკარგულებაში პროექტის შესახებ სხვა დეტალებზე აღნიშნული არ იყო. ამიტომ BM.GE-მ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს რამდენიმე კითხვით მიმართა.

სააგენტოდან მიღებული წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ კომპანიას შენობა-ნაგებობის ექსპლუატაცია და სასტუმროს ფუნქციონირება არაუგვიანეს 2025 წლის 20 ნოემბრისა უნდა დაწყო. უწყების ინფორმაციითვე, „გრანატთან“ დადებული ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები შესრულების ვადა ორჯერ გაიზარდა. კითხვაზე – რა გახდა ვალდებულების გახანგრძლივების საფუძველი? სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ასე გვიპასუხეს:

„კომპანიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულების ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება“.

ცნობისთვის, კოსტავას ქუჩაზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის პირველი ანონსი 2016 წელს გაჟღერდა და გახსნის თარიღად იმ დროს 2019 წელი სახელდებოდა. 2018 წელს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო და გახსნის თარიღად 2020 წელი დასახელდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, „ჰილტონ თბილისის“ მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია BBC უნდა ყოფილიყო, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევდა. კონტრაქტი კორპორაცია “ჰილტონსა” და კომპანია “გრანატს” შორის 2017 წელს გაფორმდა. კოსტავას ქუჩაზე სასტუმროს განვითარების ვალდებულება კომპანიამ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ 2015 წელს აიღო. სასტუმროს პროექტი “გრანატმა” შპს „ჯორჯიან ფროპერთისგან“ გამოისყიდა.

2019 წელს BM.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო Hilton-ის მშენებლობა დასრულებული იყო და ძველი შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია მიმდინარეობდა. მაშინ “გრანატის” თანადამფუძნებელი აცხადებდა, რომ სასტუმრო პირველ სტუმრებს 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებდა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება იმ დროისთვის 60 მილიონი დოლარი იყო. 206-ოთახიანი, Hilton-ის 9-სართულიანი შენობის ბოლო სართულზე პანორამული რესტორანი განთავსდება. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ასევე მოეწყობა: სპა და აუზი, რომელიც სეზონი მიხედვით იხურება და იხსნება. ხოლო ძველი შენობის კოშკის ბოლო სართულზე განთავსდება VIP ROOM, რომელიც სპეციალური ღონისძიებებისთვის იქნება გათვლილი.

როგორია პროექტის საინვესტიციო ღირებულება, რატომ მოუწია კომპანიას ვალდებულებების გახანგრძლივება – ამ და სხვა კითხვებით BM.GE „გრანატს“ მიმართავს და მათ პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.