ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი „კოსმო“ რეგიონული გაფართოებას აგრძელებს და ახალ ფილიალს თელავში ხსნის.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, სოფი მუხულიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, თელავის ფილიალი კომპანიისთვის რიგით მე-10 ობიექტი იქნება.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის რეგიონის მასშტაბით ბათუმში ორი ფილიალით და გორში ერთი ფილიალით არიან წარმოდგენილი. რეგიონში მეოთხე ფილიალის გახსნის იდეა კი, თავად მომხმარებლების მხრიდან გაჟღერებულმა დიდმა სურვილმა გადააწყვეტინათ, რომ თელავშიც ხელმისაწვდომი ყოფილიყვნენ.
„ბაზარზე უკვე 3 რეგიონში ვართ წარმოდგენილი და მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, მე-4 ფილიალს თელავში ვხსნით. საბედნიეროდ, ჩვენს პარტნიორ სავაჭრო ცენტრს თელავშიც აქვს ფილიალი და სწორედ იქ ვიქნებით წარმოდგენილი. ობიექტი დაახლოებით 3 თვეში უნდა გავხსნათ“, – აღნიშნა მუხულიშვილმა.
მისი განმარტებით, ახალი სივრცე 80 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება და მოიცავს როგორც სავაჭრო ნაწილს, ასევე ღია სახელოსნოს, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ჩაერთონ ნივთების შექმნის პროცესში – დაამატონ ინიციალები ან სასურველი წარწერები. ის დასძენს, რომ ეს მოდელი უკვე წარმატებით მოქმედებს თბილისსა და ბათუმში.
„ძალიან ლამაზი სივრცე გვექნება. თელავის ფილიალი გაიხსნება ღია სახელოსნოს კონცეფციით, რაც მომხმარებლისთვის საინტერესო გამოცდილებას შექმნის. გვაქვს გამოცდილება ბათუმიდან, სადაც ეს კონცეფცია ძალიან წარმატებულია. ახალ ფილიალში, ბათუმისა და გორის ფილიალების მსგავსად, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. დაახლოებით 8 ადამიანის დასაქმება გვაქვს დაგეგმილი“, – აცხადებს სოფი მუხულიშვილი.
კომპანიის ინფორმაციით, თელავის ფილიალში ინვესტიცია ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს.
გარდა ამისა, „კოსმო“ თბილისში ახალი სახელოსნოს გახსნასაც გეგმავს, რომელიც უახლოეს ორ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას და სრულად აღჭურვილი იქნება კომპანიის ყველა მომსახურებით.
ინფორმაციისთვის, „კოსმო“ ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და მომხმარებელს ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ბრენდის პორტფელში 150-ზე მეტი დასახელების პროდუქციაა. ბრენდს უკვე 9 ფილიალი აქვს, მათ შორის თბილისში, ბათუმში (2 ფილიალი) და გორში. კომპანია პროდუქციას აქტიურად ყიდის უცხოურ ბაზრებზეც.
