კოსმოსში პირველი კვანტური კომპიუტერი გაგზავნეს — ისტორიული მომენტი

ტექნოლოგიების სფეროში წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს — ფოტონური კვანტური კომპიუტერი კოსმოსში პირველად გაგზავნეს. ეს კომპაქტური სისტემა ვენის უნივერსიტეტის მეცნიერ ფილიპ ვალტერის ხელმძღვანელობით საერთაშორისო გუნდმა შეიმუშავა. ის 23 ივნისს ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიტანა, რომელიც კალიფორნიაში მდებარე ვანდენბერგის კოსმოსური ბაზიდან გაუშვეს. კომპიუტერი დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 550 კილომეტრ სიმაღლეზე ამუშავდება.
ფრენა SpaceX-ის მისია Transporter 14-ის ფარგლებში შედგა, რომელიც 70 სხვადასხვა ტვირთის ტრანსპორტირებას გულისხმობდა. მათ შორის იყო ატმოსფეროში დაბრუნებადი კაფსულები, მიკრო და კუბური თანამგზავრები. განსაკუთრებული ყურადღება კვანტურმა კომპიუტერმა მიიპყრო. მას კოსმოსში მონაცემთა დამუშავებისა და დედამიწაზე დაკვირვების რევოლუციური შესაძლებლობა აქვს.
კვანტური კომპიუტერის დაპროექტება ისე, რომ ორბიტაზე გამართულად მუშაობდეს, სერიოზულ საინჟინრო გამოწვევებს უკავშირდებოდა. სპეციალისტებმა მოწყობილობა იმგვარად შექმნეს, რომ ექსტრემალური ტემპერატურისთვის, რადიაციისა და კოსმოსური მოგზაურობით გამოწვეული ვიბრაციებისთვის გაეძლო. გადამწყვეტ ეტაპზე გუნდის 12-მა წევრმა გერმანიის აეროკოსმოსურ ცენტრში (DLR) ოთხი კვირა გაატარა, რათა თანამგზავრის ტვირთი აეწყოთ. ეს მათ სულ რაღაც 11 სამუშაო დღეში მოახერხეს.
თანამგზავრს პირველი მონაცემების გადაცემა, სავარაუდოდ, ორბიტაზე გასვლიდან ერთი კვირის შემდეგ შეეძლება.
“ამ პროექტმა ჩვენ ნამდვილ ‘კოსმოსურ ჯგუფად; გვაქცია. ახლა უკვე ვიცით, როგორ ჩავატაროთ შემდგომი ექსპერიმენტები, იქნება ეს ფუნდამენტური კვანტური ფიზიკისთვის თუ პრაქტიკული გამოყენებისთვის”, — აღნიშნა ფილიპ ვალტერმა.
კვანტური კომპიუტერის კოსმოსში გაგზავნის მთავარი უპირატესობ ისაა, რომ სატელიტის მიერ შეგროვებული მონაცემები (მაგალითად, ტყის ხანძრების შესახებ) პირდაპირ ორბიტაზე მუშავდება. ეს პროცესი ენერგომოხმარებას ამცირებს და რეაგირების დროს აჩქარებს.
გარდა ამისა, კვანტური კომპიუტერები განსაკუთრებით ეფექტიანი ისეთ ამოცანებში, რომლებიც ტრადიციული სისტემებისთვის რთულად გადასამუშავებელია. ოპტიკურ სისტემებზე დაფუძნებული ეს პროცესორი ოპერაციებს ფიზიკური პრინციპებით ასრულებს, ინტერფერენციისა და დიფრაქციის მეშვეობით. აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთი რთულ პროცესებში, როგორიც ფურიეს გარდაქმნები ან კონვოლუციებია.
“ეს მისია გვაძლევს საშუალებას, კვანტური აპარატურის მუშაობა და გამძლეობა ექსტრემალურ პირობებში გამოვცადოთ. შეგვიძლია შევისწავლოთ, რამდენ ხანს რჩება მოწყობილობა ფუნქციური კოსმოსის მკაცრ გარემოში”, — განმარტა ვალტერმა.
გუნდი კომპიუტერის გამოყენების მრავალ შესაძლებლობას ხედავს, მათ შორის კლიმატის მონიტორინგში, საკომუნიკაციო სისტემებსა და კვანტური ფიზიკის ფუნდამენტურ კვლევებში.
“ჩვენმა აღმოჩენებმა შეიძლება, კვანტური აპარატურის შემდგომ განვითარებას ხელი შეუწყოს როგორც კომერციული, ისე სამეცნიერო გამოყენებისთვის. მაგალითად, დედამიწის დაკვირვების, კლიმატის კვლევისა და კომუნიკაციის სფეროებში”, — დაამატა მეცნიერმა.
მისია Transporter 14 კომერციულ და სამეცნიერო ტვირთებს მოიცავდა. მათ შორის იყო Capella Space-ის სარადარო თანამგზავრი Capella-17; Starfish Space-ის Otter Pup 2, რომელიც კოსმოსში ექსპერიმენტებისთვისაა განკუთვნილი; ასევე, Varda Space-ის დაბრუნებადი კაფსული, რომელიც ორბიტაზე ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებას ისახავს მიზნად. მასთან ერთად The Exploration Company-ის კოსმოსური ხომალდი Nyx-იც გაეშვა, რომელშიც Celestis-თან პარტნიორობით ადამიანთა ფერფლისა და დნმ-ის ნიმუშები იყო.
Falcon 9 წყნარ ოკეანეში არსებულ პლატფორმაზე წარმატებით დაეშვა. ეს მისთვის 26-ე ფრენა იყო. მისმა მეორე საფეხურმა ორბიტაზე თანამგზავრების განთავსების პროცესი თითქმის ორ საათში დაასრულა.
· გადახედვა ფიზიკა გაჟონა თუ არა რადიაციამ -ის ირანზე შეტევისას და რამდენადაა საფრთხე საქართველოსთვის? გაჟონა თუ არა რადიაციამ აშშ-ის ირანზე შეტევისას და რამდენადაა საფრთხე საქართველოსთვის?
· გადახედვა ადამიანი აღმოჩენილია სისხლის ჯგუფთა ახალი სისტემა, რომელიც უიშვიათესია აღმოჩენილია სისხლის ჯგუფთა ახალი სისტემა, რომელიც უიშვიათესია