საქართველოში ვიზიტით მყოფი გაბრელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებს, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და „წარსული მიღწევები ერთი ხელის მოსმით შეიძლება იქნას განადგურებული“. ის ასევე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
15 მაისს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ისლანდიელ, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ლანდსბერგისმა განაცხადა:
„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, როგორც თქვენი უახლოესი მეგობრები, როგორც ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე და ადარდებთ თქვენი ევროპული მომავალი.“
მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველო ახალი ამბების გარეკანებზე მოხვდა, ვინაიდან ხელისუფლებამ უკან დააბრუნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ და გამოიყენეს ძალადობრივი აქტები დემონსტრანტების, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
„მაგრამ ასევე ვნახეთ გამძლეობა, რაც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ძალადობის და პროპაგანდის მიუხედავად, მათ დააფიქსირეს თავიანთი ერთგულება ევროპული მისწრაფებებისადმი. თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები იყენებენ ამ შეზღუდვას ძალის კონსოლიდირებისთვის“, – აღნიშნა მან.
მისი განცხადებით, საგარეო მინისტრების ვიზიტს ორი მთავარი ამოცანა აქვს:
· „გამოვხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ვინაიდან საქართველო იბრძვის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისათვის. ეს მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნეს არავის მიერ ხელყოფილი.
· გავუგზავნოთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას, – თუ საქართველო ამ გზაზე გააგრძელებს სვლას, ამას ექნება შედეგები“.
გაბრელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი მიღწევა აქვს საქართველოს, რაც 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებით დაგვირგვინდა, – და არსებობს რეკომენდაციები, რისი შესრულებაც ევალება ქვეყანას.
„თუმცა წარსული მიღწევები ერთი ხელის მოსმით შეიძლება იქნას განადგურებული. ცალსახად მინდა გითხრათ: კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს პროგრესს შეაფერხებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, თუ ეს მოხდა, პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.
„მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან განცხადება, რომ ვეტოს დადება იგეგმება. ამ კანონის გამოწვევა შეიძლება მოხდეს და არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რაიმე კოსმეტიკური ჩასწორება არსებული კანონპროექტისა გამოასწორებს მის სახეს, ვინაიდან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„თქვენ ვერ გაალამაზებთ რაღაცას, რაც არის ჩვენი ღირებულებების საწინააღმდეგო. საქართველო მიეკუთვნება ევროპას. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა სტრასბურგში თავის განცხადებაში, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“, – ასე დაასრულა ლანდსბერგისმა სიტყვა ორბელიანების სასახლეში.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპელ მინისტრებთან ისაუბრა შემდგომ ნაბიჯებზე და მათ გარკვევით აუხსნა, რომ „არავითარ შემთხვევაში“ ვეტოს დადებით არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“
ფორუმი