კოსი: ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი, მაგრამ მთავრობას — არა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, ევროკავშირი გმობს საქართველოს ხელისუფლების ცრუ ნარატივებს და თავდასხმებს ევროპულ ინსტიტუტებზე.
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოში არსებულ შემაშფოთებელ მოვლენებს. საქართველოს ხალხმა ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე პროტესტებში აჩვენა და ასევე, გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი, მაგრამ არა — მთავრობას. მათი მთავრობა, როგორც ჩანს, არ უსმენს საკუთარ ხალხს, და არ სურს ევროპული გზით სიარული. ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კი აჩუმებენ“, — განაცხადა კოსმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას ევროპის და ევროკავშირის წინააღმდეგ.
„ჩვენ ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს, და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებზე, და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“, — დასძინა მარტა კოსმა.