გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრი მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს განიხილავენ.
საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ ევროკავშირი გმობს ქართული ოცნების ცრუ ნარატივებს და დეზინფორმაციას ევროკავშირისა და ევროპელი ლიდერების წინააღმდეგ.
ასევე, მოუწოდა ქართულ ოცნებას, მოუსმინოს ხალხს და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი.
“ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. მათი მთავრობა, როგორც ჩანს, არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული.
ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებული არიან, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კი აჩუმებენ. ამავდროულად, წახალისებულია ევროპის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ არის წახალისებული. ამიტომ, ჩვენ ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი”, – თქვა მარტა კოსმა.
