კორძაია ლევან იოსელიანს მიმართავს: გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი

სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ მოუწოდა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ. მან თქვა, რომ იოსელიანმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს „აგენტების კანონი“.
„მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემისას და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც აქვს ამ კანონთან დაკავშირებით.
ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ, რომ გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი [„აგენტების შესახებ“], რომელთან დაკავშირებითაც, სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება, დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება, ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების კანონიერების პრეზუმფციას, პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, არ შეიძლება, მხოლოდ იუსტიციის სამინისტროში დარჩეს და ის აუცილებლად სასამართლოს მიერ უნდა იქნას მიღებული ნებისმიერ შემთხვევაში.
ბატონო ლევან, სწორედ სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა. ყოველ გვერდზე ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად“, – მიმართა კორძაიამ იოსელიანს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა სახალხო დამცველად აირჩია იმდროინდელი დეპუტატი პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანი. მისი კანდიდატურის მხარდამჭერებს შორის იყვნენ დეპუტატები ოპოზიციიდან: თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, და თეონა აქუბარდია. ისინი აცხადებენ, რომ ლევან იოსელიანის კანდიდატურის მხარდაჭერით კომპრომისზე წავიდნენ.
„ტრიბუნაზე გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს“, – თქვა ლევან იოსელიანმა ომბუდსმენად არჩევის შემდეგ.
კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესი წარიმართა საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის მე-12 პირობასთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „პარიზის პრინციპებს“ და არ იწვევს საზოგადოებრივ ნდობას.
ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენამდე, 2022 წლის საშემოდგომო სესიის ბოლოს, სახალხო დამცველის შერჩევის მრავალთვიანი პროცესი ჩიხში შევიდა. ჩავარდა 19-ვე კანდიდატი, რომლებსაც დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომებზე კითხვებს უსვამდნენ და მათ პოზიციებს უსმენდნენ. კანდიდატებს შორის იყო არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ემხრობოდა.
პარლამენტმა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. 29 აპრილს კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა დაატოვებინა ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის, თამარ კორძაიას და ამის მიზეზად მათი მხრიდან რეგლამენტის დარღვევა დაასახელა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი, მიღების შემთხვევაში, მედიებსა და არასამთავრობოებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“. ის აიძულებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, – და ასეთი ათასობით არის, – რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი, ძირითადად, დასავლელი დონორებისგან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ დარეგისტრირდეს.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
„ქართულმა ოცნებამ” ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.
„ქართული ოცნების” უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათიდან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე.