„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად პარლამენტმა პირველი მოსმენით – 79 ხმით მიიღო.
მხარდაჭერილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი. გამონაკლისი დანაშაულზე წასწრების შემთხვევა იქნება, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და თუ პარლამენტი თანხმობას 48 საათის განმავლობაში არ მისცემს, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ამავე პროექტით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი უქმდება, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან ან სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.
ცვლილებით განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ ხარვეზზე დეკლარაციის წარდგენიდან ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს და მისი აღმოფხვრისათვის 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელი იქნება.
ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში უქმდება კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრებისა და მათი მოადგილეების, ასევე სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წარმომადგენლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.
საკანონმდებლო პაკეტით, პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით ანტიკორუფციული ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესით განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების შემდეგი ღონისძიებები: – ფიზიკური პირის გამოკითხვა; ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის) გამოთხოვა.
საკანონმდებლო პაკეტის კიდევ ერთი ცვლილებით განისაზღვრება, რომ თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტი ანტიკორუფციულ ბიუროს საქმიანობის შემდგომ გაუმჯობესებას და ევროკომისიის 9-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა