მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ნათია მეზვრიშვილი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” ინიციატივას სამთავრობო გრანტების სააგენტოს შექმნის შესახებ. მისი თქმით, ახალი სიპი [საჯარო სამართლის იურიდიული პირი] კორუფციის კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება.
არადა, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამ ინიციატივის წარდგენისას – 2024 წლის სექტემბერში – სწორედ კორუფციის აღმოფხვრაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ “მთავრობს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას დაეხმარება, რომ სამთავრობო სტრუქტურებში აღმოიფხვრას კორუფცია”.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ ინიციატივა “ქართული ოცნებას” ე.წ. გონგოების [მთავრობის მიერ მართული ფსევდო არასამთავრობო ორგანიზაციები] შესაქმნელად და გასაძლიერებლად სჭირდება.
“ოფიციალურად შეიქმნა კორუფციის და ბიუჯეტიდან ხალხის ფულის გაფლანგვის კიდევ ერთი ინსტრუმენტი – გრანტების მართვის სააგენტო. რეჟიმმა 20 მილიონი ლარი გამოყო სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციების,ე.წ. გონგოებისთვის. მიზანი არის შემდეგი: გონგოებმა მომდევნო არჩევნები დადებითად შეაფასონ და თვალი დახუჭონ წამებაზე და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე. ანუ, არასამთავრობო სექტორის ლევან იოსელიანები შეიქმნა. ეს განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, როცა მომდევნო არჩევნებზე პრაქტიკულად აღარ გვეყოლება კრიტიკული, რეჟიმისგან დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები იყო არჩევნების დაცვის უკანასკნელი ინსტრუმენტი 26 ოქტომბრის არჩევნებზე. შესაბამისად, არ მგონია ახლა იმაზე დიდი ამოცანა არსებობდეს დღის წესრიგში, ვიდრე ამ ქვეყანაში არჩევნებისთვის მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილებების ფუნქციის დაბრუნებაა. ვფიქრობ, ყველანაირი პროტესტი და წნეხი, უკანონო პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, საარჩევნო გარემოს ცვლილებისკენ უნდა იქნეს მიმართული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანაირი მოთხოვნა ახალ არჩევნებზე აზრს კარგავს იმიტომ, რომ იმაზე უარესი წინასაარჩევნო გარემო გველოდება, ვიდრე 26 ოქტომბერს გვქონდა. იმ ქვეყნებს კი, სადაც არჩევნები მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილების ინსტრუმენტის ფუნქციას ვერ ასრულებს, კი იცით რა ჰქვია. ამასთან, ეს 20 მილიონი ლარი ისევე გაიფლანგება, როგორც ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი შეიქმნა რუსული კანონის აღსრულებისთვის იუსტიციის სამინისტროში და უკვე თვეებია არავინ იცის ათეულობით ადამიანი ათასობით ლარს რაში იღებს”, – წერს მეზვრიშვილი.
დღეს, “ქართული ოცნების” პარლამენტმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს.
ეს ინიციატივა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გასულ წელს, რუსული კანონის მიღების შემდეგ წარადგინა. კანონის, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს “უცხოეთის გავლენის გამტარებად” არეგისტრირებს და მათ საქმიანობას ზღუდავს.
“გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებებით, შეიქმნებასახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, სადაც 10-მდე ადამიანი დასაქმდება. მიმდინარე წელს სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოეყოფა.
მთავრობის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების იდეა ირაკლი კობახიძემ პირველად 2024 წლის 9 სექტემბერს გააჟღერა. მან თქვა, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსული კანონს დაემორჩილებიან და “უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად” დარეგისტრირდებიან.
გამოდის, რომ “ქართული ოცნების” სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ოფიციალურად უცხოეთის ინტერესების გავლენის გამტარის სტატუსი ექნებათ.
ამავე თემაზე:
· “ოცნებამ” არასამთავრობოებისთვის სამთავრობო გრანტების გაცემის კანონი დაამტკიცა
