კორუფციისთვის მსჯავრდადებული საჯარო მოხელეები 30 წლის განმავლობაში წარადგენენ ქონებრივ დეკლარაციებს – კანონპროექტი

კორუფციაში მსჯავრდებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს 30 წლის განმავლობაში მოუწევთ ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა – ეს არის იმ კანონპროექტის მოკლე შინაარსი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა.

კორუფციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში მოქმედი ერთადერთი ფრაქციის – “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

“საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსათვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ფინანსური დანაშაულის ჩადენისათვის.

ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში ჩართულობით სავარაუდო სარგებლის მიღებაზე, შემდეგ შემოსავლის ლეგალიზებაზე და გრძელვადიან პერიოდში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი.

მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, სამოხელეო დანაშაულში მხილებული კონკრეტული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, რაც, ფაქტობრივად, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.