ავჭალის დასახლებაში, ე.წ ტიტანიკის კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი შახტში 2 დღის წინ ჩავარდა, სასწრაფომ კლინიკაში ცოცხალი გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ადგილობრივის, ხათუნა ჩხაიძის ინფორმაციით, კორპუსი, რომელშიც შემთხვევა მოხდა, წლებია ავარიულია. მისივე თქმით, მოსახლეობამ მერიას რამდენჯერმე მიმართა თხოვნით, რომ მათთვის სხვა საცხოვრებელი გამოეყოთ, თუმცა უშედეგოდ.
“წლებია ავარიულ კორპუსში ვცხოვრობთ. ვითხოვთ, რომ მერიამ, გამგეობამ გაგვიყვანოს. ადვოკატებიც გვყავდა აყვანილი, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ვართ. შედეგი ეს მძიმე ტრაგედიაა. მერიას ძალიან ბევრჯერ მივმართეთ. წერილები, კერძო ადვოკატები, ჯგუფურად აყვანილი ადვოკატები – შედეგი არის ეს. ბოლოს ყველამ მოაწერა ხელი [განცხადებას]. ქერჩის ქუჩაზე მიგვიყვანეს და გვითხრეს, რომ იქ ახალი საცხოვრებელი აშენდებოდა, მაგრამ ესეც ტყუილი იყო. წლებია ამ მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა ხათუნა ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს მან პირადად დაურეკა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს და სთხოვა ადგილზე მოსულიყვნენ, თუმცა იქ არავინ მისულა.
“დავრეკე და ვუთხარი, რომ ტელევიზია მოსულია, ხალხი გამოსული ვართ და მობრძანდით და თქვენი სიმართლე თქვით – მეთქი. ამ დრომდე არავინ მოსულა”, – განაცხადა ხათუნა ხაჩიძემ.
გარდა ამისა, სხვა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ადრეც მომხდარა.
შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე მოხდა, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ამასთან, მერია განმარტავს, რომ ე.წ. ტიტანიკის კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
ასევე, თბილისის მერიის განცხადებით, მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო, გამგეობამ კი მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა შენობიდან, რასაც მოსახლეობის ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი რჩება მისამართზე საცხოვრებლად.
განცხადებაში აღინიშნება, რომ თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება.
„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეგთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.
უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა დაუყოვნებლივ გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
წყარო: ipn.ge
