Wizz air-ის მმართველო დირექტორი როლანდ ტიშნერი კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებაზე ფრენის შეწყვეტის მიზეზად დაბალ მოთხოვნას ასახელებს.
როგორც მან BMG-ის უთხრა, რეგულარულად აკვირდებიან რეისებზე მოთხოვნას და ამის მიხედვით გეგმავენ ახალ მიმართულებებს. სწორედ ასეთი დაკვირვების შედეგად მიიღეს კოპენჰაგენში ფრენების გაჩერების გადაწყვეტილება.
“როგორც იცით, საქართველოდან მომხმარებელს 26 მიმართულებით 14 ქვეყანაში ვთავაზობთ ფრენებს. თითოეულ სეზონზე გადავხედავთ ხოლმე მიმართულებების პორტფოლიოს და ფოკუსს ვაკეთებთ ყველაზე პოპულარულ მარშრუტზე და ასევე იმ მიმართულებებზე, რომელთა კარგ ფასად შეთავაზებაც შეგვიძლია. პორტფოლიოს გადახედვისას, რაც ინდუსტრიაში ბუნებრივი პროცესია, ყოველთვის ვაწყდებით ახალი მიმართულების შესაძლებლობას და ასევე ვაფასებთ იმ მიმართულებებს, რომლებსაც ნაკლები შედეგები აქვთ. კოპენჰაგენი იყო სწორედ ასეთი ერთ-ერთი მიმართულება.
გვჯერა, რომ უფრო პოპულარულ მარშრუტებს შევთავაზებთ მგზავრებს და ამიტომ განვაცხადეთ მადრიდსა და ჰამბურგში რეისების განახლებაზე. ასევე შევთავაზებთ ახალ მიმართულებას ლიონში. ვერ ვიტყვი დავაბრუნებთ თუ არა კოპენჰაგენის მიმართულებას, ვაანალიზებთ ამ საკითხს და თუ ჩავთვლით საჭიროდ რომ ეს მიმართულება უნდა აღდგეს, ამას გავაკეთებთ. პორტფოლიოს გადახედვა მუდმივი პროცესია. ვიტყოდი, რომ [გაუქმების მიზეზი] ფინანსური შედეგები იყო, რაც როგორც წესი მოიცავს მოთხოვნასა და ფასს”, – ამბობს ტიშნერი.
უკვე რამდენიმე წელია უნგრული ავიაკომპანია ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერია. 2024 წელს Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან 1.2 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა და საავიაციო ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ამ ეტაპზე ავიაკომპანია კვირაში 60 სიხშირით ასრულებს ფრენებს.
bm.ge
