ხუთშაბათს, 24 ივლისს, ტაილანდმა კამბოჯის სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელა, ხოლო პნომპენმა მეზობლის წინააღმდეგ საარტილერიო და სარაკეტო იერიშები მიიტანა, რის შედეგადაც ბანგკოკის ინფორმაციით, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. ასეთია მცირე ინტენსივობის სასაზღვრო შეტაკებების პირველადი მონაცემები.
სააგენტო „ფრანს პრესი“
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ორ სამეფოს შორის ტერიტორიული დავა 1907 წლიდან იწყება, როდესაც მაშინდელმა მთავარმა კოლონიურმა ძალამ ინდოჩინეთში – საფრანგეთმა – ორ ქვეყანას შორის 800-კილომეტრიანი საზღვარი გაავლო. იმ დროს შედგენილი რუკა, რომელიც, ტაილანდის აზრით, ბუნდოვანია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთპრეტენზიების საფუძველი გახდა.
დავის საგანს წარმოადგენს უძველესი ტაძრები, მათ შორის, პრეაჰ ვიჰეარი, რომელიც 2008 წელს, კამბოჯის ინიციატივით, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებამ 2008-დან 2011 წლამდე ძალადობრივი შეტაკებები გამოიწვია, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ადგილობრივი მცხოვრები კი დევნილად იქცა.
მიმდინარე კრიზისი 2025 წლის მაისის ბოლოს დაიწყო, როდესაც სადავო ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად, რომელიც „ზურმუხტის სამკუთხედის“ სახელით არის ცნობილი, კამბოჯელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ამბავმა სიტუაცია დაძაბა, რომელიც დრონების თავდასხმების შემდეგ, კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გახდა.
16 ივლისს, ჩონგ ბოკის რაიონში, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ხუთი ტაილანდელი ჯარისკაცი დაშავდა. ერთ-ერთმა მათგანმა ფეხი დაკარგა. ტერიტორიის დანაღმვაში ტაილანდი კამბოჯას ადანაშაულებს და მას ოტავის კონვენციის დარღვევაში სდებს ბრალს, რომელსაც ორივე ქვეყანა 1997 წელს შეუერთდა. პნომპენი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ძველი ნაღმებია, რომლებიც წინა ომების დროიდან შემორჩა.
Bertrand Massart – RTBF
დაძაბულობა, რომელიც კვირების განმავლობაში იზრდებოდა, ხუთშაბათს დილით კვლავ გამწვავდა, რაც ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია სურინში და კამბოჯის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ოდარ მეანჩეიში ძველი სადავო ტაძრების მახლობლად სროლების განახლებაში გამოიხატა. ცეცხლის პირველად გახსნაში ორივე არმიამ ერთმანეთი დაადანაშაულა. მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები წარმოადგინეს.
შეტაკებები დაიწყო რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ნაღმის აფეთქებით გამოწვეული პროტესტის ნიშნად, ტაილანდმა ქვეყნიდან კამბოჯის ელჩი გააძევა და პნომპენიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. ამასტან, ტაილანდის საელჩომ პნომპენში თავის მოქალაქეებს სოციალური ქსელებით მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაეტოვებინათ კამბოჯა.
შექმნილი ვითარების გამო, ხუთშაბათს, 25 ივლისს, კამბოჯის პრემიერ-მინისტრი, ჰუნ მანეტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.
ჩინეთმა ორ დაპირისპირებულ ქვეყანას მოუწოდა, სასაზღვრო დავა დიალოგის გზით გადაჭრან და დააფიქსირა, რომ „შექმნილი მდგომარეობით ღრმად შეშფოთებულია“. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გუო ჯიაკუნმა განაცხადა. თავის მხრივ, მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმაც, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ასეანი) თავმჯდომარეა, ორ ქვეყანას „თავშეკავებისკენ“ მოუწოდა.
სააგენტო „ფრანს პრესი“
მზარდ სამხედრო დაძაბულობასთან ერთად, კონფლიქტმა ბანგკოკში პოლიტიკური კრიზისიც კი გამოიწვია. დიდი აჟიოტაჟი შექმნა 15 ივნისს ტაილანდის პრემიერ-მინისტრ პეტონგტარნ შინავატრასა და ჰუნ სენს შორის სატელეფონო საუბარმა, რომელიც კამბოჯას თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში მართავდა და ამჟამად სენატის პრეზიდენტია.
მათი საუბრის ჩანაწერი 18 ივნისს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. ტაილანდის პრემიერი ფამილიარული ტონით საუბრობს და, ამავდროულად, ირიბად აკრიტიკებს ტაილანდის არმიას. სატელეფონო ზარი დაძაბულობის განმუხტვას ისახავდა მიზნად.
ამ საუბრის შემდეგ, 38 წლის პეტონგტარნი, ეთიკური დარღვევების ბრალდებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელსაც მისი თანამდებობიდან გადაყენების უფლება აქვს. საკითხი რამდენიმე კვირაში უნდა გაირკვეს.
წინა პლანზე გადმოვიდა ეკონომიკური თემატიკაც. ივნისის ბოლოს ტაილანდმა რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი ჩაკეტა, რამაც გავლენა მოახდინა ვაჭრობასა და ტურიზმზე.
საპასუხოდ, კამბოჯამ აკრძალა ტაილანდური პროდუქციის გარკვეული სახეობების იმპორტი, მათ შორის – ხილის, ბოსტნეულის, აგრეთვე ინტერნეტ-სერვისებისა და საწვავის.
ივნისის შუა რიცხვებში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მიუხედავად, რომელიც სიტუაციის დამშვიდებას ისახავდა მიზნად, ტაილანდ-კამბოჯის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. 24 ივლისს ბანგკოკმა პნომპენი „არაადამიანურობაში, სისასტიკესა და ომის წყურვილში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კამბოჯის სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები და ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. კამბოჯამ ეს ბრალდებები უარყოდა აღნიშნა, რომ ბანგკოკი თავად ახორციელებს „სამხედრო აგრესიას“.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამოქალაქეებს ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო რაიონებში მოგზაურობას არ ურჩევს და რეკომენდაციას იძლევა, რომ მგზავრობები Travellers Online-ის საშუალებით დაარეგისტრირონ.
წყარო: 1 არხი
