დავოსის ეკონომიკური ფორუმი გრძელდება – რამდენიმე წუთში დაიწყება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს. “ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი მომავალი”- ეს არის თემა დისკუსიის, რომლის მოდერატორიც USAID-ის წარმომადგენელი იქნება. ამ შეხვედრის ანონსში ვკითხულობთ, რომ ტყვიით ინტოქსიკაცია დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში საგანგაშოდ ბევრ ადამიანს კლავს, მონაწილეებმა კი უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მასშტაბის შესამცირებლად.
უკვე მეორე დღეა ლიდერები მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. სლოგანი წელს ნდობის აღდგენაა. მთავარ თემებად რჩება უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი, თუმცა მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის ასახელებენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კლიმატური ცვლილებები და ხელოვნური ინტელექტი.
“დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, რეალურად გვიჩვენებს იმის ევოლუციას, რაც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და მუშაობდა. ინფორმაციული ტექნოლოგიების დემოკრატიზაციამ მოგვცა ძლიერად უფლებამოსილი ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებსაც წარმოუდგენელი რაოდენობის პრობლემები შეუძლია შექმნან. როდესაც კონფლიქტებზე ვსაუბრობთ ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნიდან გვესმის სურვილი იმისა, რომ აშშ-ი იჯდეს მაგიდასთან და იყოს ლიდერის ამპლუაში. როგორც პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, არ ყოფილა ისეთ ქვეყანაში, სადაც ამერიკა პრობლემის გადაწყვეტას ვერ შეუწყობდა ხელს.
ჩვენ ვიცით, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ჩართულები, ერთი – ამას ან სხვა გააკეთებს, ეს კი ჩვენს ინტერესებს და ღირებულებებსაც შეეხება, ან მეორე – არავინ იმოქმედებს, რაც შექმნის ვაკუუმს, ვაკუუმი კი კიდევ უფრო უარესს. ყველაფერთან ერთად ვფიქრობ დღეს, მსოფლიოსთვის დიდ საწამლავს წარმოადგენს დეჰუმანიზაცია. დეჰუმანიზაციას უნდა ვებრძოლოთ, ამისთვის კი ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით გვჭირდება ლიდერები, რომლებსაც ესმით პრობლემის და მას შეეწინააღმდეგებიან,”- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა აქცენტი მსოფლიოში ნდობის კრიზისზე გააკეთა და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
“ვფიქრობ, მსოფლიოში ნდობის კრიზისი იმ პარადოქსის პირდაპირი შედეგია, რომელსაც ვაწყდებით. ისეთი სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხეების პირისპირ, როგორიც კლიმატურ ქაოსი თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა, ჩვენ უძლურები აღმოვჩნდით ერთად გვემოქმედა. მყინვარები ჩვენს თვალწინ დნება, 2023 წელი კი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელიწადი აღმოჩნდა, რომელიც მომავალში ყველაზე გრილ წელიწადად შეიძლება ჩავთვალოთ – ეს ყველას უნდა გვაღელვებდეს.
გეოპოლიტიკური დაყოფა ხელს გვიშლის გლობალური გამოწვევების წინაშე ერთად დგომაში. წარსულში მსოფლიო ყოველთვის ახერხებდა დიდი გამოწვევების წინაშე ერთად დგომას, ცივი ომის დროსაც კი. ახლა კი ტოტალურად ქაოსურ სიტუაციაში ვართ.თუ არ ვიმოქმედებთ, უარეს უნდა ველოდოთ,”- განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.