კონფეფციის შედეგად ჩამოყალიბდება ორი ჰაბი, თბილისი და ქუთაისი – მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქის“ პრინციპს ეფუძნება.
მისი თქმით, ეს ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება – თბილისსა და ქუთაისს.
მიქანაძის თქმით, უნივერისტეტების გაერთიანების მიზანი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანებაა.
„უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას. ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა და ის დოკუმენტი, რომელიც შემდგომში პრემიერმა საჯაროდ წარადგინა, მრავალგზის განხილვას დაექვემდებარა მიზნობრივ ჯგუფებთან, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი დამტკიცება.
სწორედ ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფესიების უზრუნველყოფა, შესაბამისი მიმართულებებით ხარისხის განვითარება და გაუმჯობესება, რაც კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანს გახდის, ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის გახდის, მათ გაუიოლებს სამსახურის მოძიებას და შესაბამისად დასაქმებას მაღალანაზღაურებად მიმართულებებზე.
სწორედ ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. განსაკუთრებით ეს ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება – ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში პრინციპის დაცვა და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გამომდინარე, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება იმისთვის, რომ მოხდეს პროგრამების დადარება, მოხდეს საკადრო უზრუნველყოფა და მოხდეს ხარისხის გაუმჯობესება.
ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, მიქანაძე ირწმუნება, რომ უნივერსიტეტებს შორის მსგავსი პროგრამების გაერთიანება ისე მოხდება, რომ ადამიანური რესურსები მაქსიმალურად განაწილდება.
„ამ მიზნით ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება შემდეგი თვეების განმავლობაში, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტებს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა. მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ასევე გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე და ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ღირებულია, ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურება, რომელიც მიუძღვით თითოეული უნივერსიტეტის მიმართ.
ამასთანავე ჩვენ შემოგვაქვს ახალი პოზიცია – ეს არის წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებითი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს.
რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მას შემდეგ რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი და რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება კანონიდან გამომდინარე, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს – საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება და ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სწორედ ისინი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე განახორციელებენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ ხარისხის გაუმჯობესების და რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უზრუნველყონ ის აქტივობები, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებას და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“, – აცხადებს მიქანაძე.
29 იანვარს გივი მიქანაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას აპირებს. როგორც გაირკვა, ამ გადაწყვეტილების შესახებ უნივერისტეტის პროფესურამ და სტუდენტებმა მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს. გადაწყვეტილებას აპროტესტებენ როგორც თსუ-ს ისე, სტუ-ს ლექტორები და სტუდენტები.
31 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლების სახელით გავრცელდა განცხადება, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ. ისინი ივანიშვილს სთხოვენ განათლების რეფორმის ავტორებთან უშუამდგომლოს და განხილვის პროცესში სტუ-ს წარმომადგენლებიც ჩართოს.