„კონტრაქცია პოლიტიკური დასასრულის პირას მყოფი დიქტატორისთვისაა დამახასიათებელი“ — ცუცქირიძე

ორშაბათს, 29 აპრილს, „ქართული ოცნება“ თბილისში, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას აანონსებს. ამ ადგილზე უკვე ერთი კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება
აქციის შესახებ განცხადებას მმართველი პარტია ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რუსული კანონის მხარდასაჭერად პარლამენტთან შეიკრიბონ. სავარაუდოდ, სწორედ 29 აპრილს განიხილება რუსული კანონი მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
როგორც მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე ნეტგაზეთთან ამბობს, ის, რასაც „ქართული ოცნება“ ამ აქციის ორგანიზებით აკეთებს, „პოლიტიკური დასასრული პირას მყოფი დიქტატორებისთვისაა დამახასიათებელი“.
„ჩემი აზრით, ეს არაფრისმომცემი აქცია იქნება. შეეცდებიან თავიანთ პარტიული და ადმინისტრაციული რესურსი დააორგანიზონ. ეგეთი აქციები ბევრი გვინახავს, როცა ყველაზე არაპოპულარულ დიქტატორებსაც კი, რომლებიც ახლოს იყვნენ თავიანთ პოლიტიკურ დასასრულთან, დიდი რაოდენობის ხალხიც კი შეუკრებიათ. ეს პოლიტიკურად არაფერს არ ნიშნავს იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ქალაქის ქუჩებში, ესაა გულწრფელი, მართალი, მოტივირებული ადამიანების სამართლიანი პროტესტი. „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა დააორგანიზოს და შეეცადოს, რომ თავის მხნე სახე აჩვენოს, ყველამ ვიცით, ის რა დღეში არის და ამიტომ მე ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ,“ — აცხადებს ლევან ცუცქირიძე.
ლევან ცუცქირიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეცდომები დააშვებინოს.
„საზოგადოების ნამდვილი საპროტესტო აქცია, რომელიც აქამდე იმართება, უკიდურესად მშვიდობიანია. ამდენი დღეა ამხელა აქციები იმართება და არაფერი არ მომხდარა და ასეც გაგრძელდება, რაც არ უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნებას“ უნდა ადამიანებმა შეცდომები დაუშვან, რაღაც არასწორად გააკეთონ, რათა მათი იმიჯის შებღალვას შეეცადოს.
მე მგონია, ამ შემთხვევაში ძალიან უთანასწორო ბრძოლაში არიან ჩართული. თუ ვინმე არის ქვეყანაში ახლა არასტაბილურობის შემქმნელი, ეს არის თვითონ „ქართული ოცნება“, რომელმაც კონსტიტუციას და ხალხის დემოკრატიულ არჩევანს უღალატა. სწორედ აქ არის საძებარი არასტაბილურობის წყარო, თორემ ვინმეს რომ სდომებოდა არასტაბილურობა ან რაიმე სხვა, ეს აქამდე მოხდებოდა, იმხელა მიტინგები შეიკრიბა, რაც საქართველოს ბოლო ათწლეულის ისტორიას არ ახსოვს,“ — აცხადებს ლევან ცუცქირიძე.
პარლამენტის 83-მა დეპუტატმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი, რომლის მსგავსის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედია.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.