კონტეინერებისთვის საპორტო ტარიფები უნდა შემცირდეს – WB-ის რეკომენდაციები საქართველოს შუა დერეფნის ეფექტურობის გასაზრდელად

მსოფლიო ბანკი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე, შუა დერეფნის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა მთელი სატრანსპორტო ქსელის გასწვრივ ტვირთის ზედმიწევნით მონიტორინგი უზრუნველყონ. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშში წერია.
ამ მიზნით ბანკი ქვეყნებს ერთიან ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაზე გადასვლას სთავაზობს, რომელიც როგორც სარკინიგზო, ასევე, კასპიის ზღვის გასწვრივ ტრანსპორტირებას მოიცავს.
„მიზანშეწონილი იქნებოდა ტვირთის კონსოლიდაციის ხელშეწყობა, სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლა და აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ტვირთის ნაკადის ბალანსის გაუმჯობესება, რაც ლოგისტიკური ჰაბების შექმნით უნდა მოხდეს. ამასთან, აუცილებელია საბოლოო სატრანსპორტო ტარიფების გამჭვირვალობა, რაც, ასევე, პროგნოზირებადი უნდა იყოს,” – წერია ანგარიშში.
კონკრეტულად, საქართველოს მსოფლიო ბანკი საპორტო-სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდას სთავაზობს. ასევე, უნდა გაუმჯობესდეს სანავიგაციო არხის მდგომარეობა და კონტეინერებისთვის საპორტო ტარიფები შემცირდეს. ამჟამად ეს ტარიფები შავი ზღვის მთელ რეგიონში ყველაზე მაღალია.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და ყაზახეთს, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, ამ ქვეყნებმა თავიანთ პორტებში ტვირთის გაჩერების დრო უნდა შეამცირონ, ბაქო-აქტაუსა და აქტაუ-ბაქოს მარშრუტებზე კონტეინერების გადაზიდვის მოცულობა გაზარდონ და როგორც საფრახტო, ასევე, კონტეინერებისთვის საპორტო ტარიფები უნდა შეამცირონ. ამასთან, აზერბაიჯანმა გემებიდან ნაპირზე ტვირთის გადაზიდვის ეფექტურობა უნდა გააუმჯობესოს, ხოლო ყაზახეთმა პორტების დახურვის პარამეტრებს უნდა გადახედოს და საპორტო სერვისებზე ბაზრის ყველა მონაწილისთვის არადისკრიმინაციული წვდომა უზრუნველყოს.
რაც შეეხება რკინიგზას და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, ბანკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა მოძრავი შემადგენლობის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უნდა გაზარდონ. ასევე, უნდა გაიზარდოს გადაზიდვის ეფექტურობა ისეთ ეტაპზე, როგორიც არის „რკინიგზა-საზღვაო პორტი.“ თავის მხრივ, მოძრავი შემადგენლობის ხელმისაწვდომობა ყაზახეთმაც უნდა უზრუნველყოს და სამანევრო ოპერაციების ეფექტურობა აამაღლოს.
მსოფლიო ბანკი მოელის, რომ 2030 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრაფიკის მოცულობა, 2021 წელთან შედარებით, სამჯერ გაიზრდება, ხოლო მგზავრობის დრო განახევრდება.
ცნობისთვის: შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო ქსელებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით აკავშირებს. მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან აკავშირებს. შუა დერეფანი ხელს უწყობს ტვირთების გადაზიდვის ზრდას ჩინეთიდან თურქეთამდე, ასევე, ევროპის ქვეყნებში და საპირისპირო მიმართულებით. ამ დერეფნის გასწვრივ გამავალ სამარშრუტო მატარებელს ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში, საშუალოდ, 20-25 დღეში ჩააქვს, რაც ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
2025 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობის 10 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება, რაც აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში წერია.

bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ