შესაძლოა, კონტაქტური ლინზების ცნება უფრო თანამედროვე გეგონათ, მაგრამ ეს კონცეფცია ლეონარდო და ვინჩიმ ჯერ კიდევ XV საუკუნეში შეიმუშავა. მისივე ჩანახატი გვთავაზობს, თუ როგორ შევძლებთ წყლით სავსე ჭიქაში თვალის გახელით მხედველობის გამოსწორებას და რომ წყლით სავსე მსგავსი მოწყობილობა თვალზეც კი შეიძლება დამაგრდეს… მართალია, და ვინჩის დროს ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა, მაგრამ აღნიშნული კონცეფცია უბრალო სკეტჩად არავის ჩაუთვლია…
ამაში 1801 წელს ბრიტანელი მეცნიერის ჯონ იანგის პროტოტიპიც გვარწმუნებს. მან მინის კონტაქტური ლინზები შექმნა, რომელიც წყლით სავსე იყო. უკვე 1827 წელს კი ჯონ ჰერშელმა, ბრიტანელმა ასტრონომმა და მათემატიკოსმა არსებული პროტოტიპი დახვეწა, საკუთარი თვალის ნიმუშით შუშის ლინზები შექმნა, რომელიც მთლიან თვალს ფარავდა, სკლერას, ანუ თვალის თეთრი ნაწილის ჩათვლით. თუმცა ეს არც პრაქტიკული იყო და არც კომფორტული ყოველდღიურად გამოსაყენებლად.
მე-19 საუკუნის დადგომა კი უკვე მრავალი რამის განვითარებას ნიშნავდა, რითაც კონტაქტური ლინზების შექმნა უფრო მარტივიც უნდა გამხდარიყო. აქ კონკრეტულად შუშის აფეთქებისა თუ დნობის ტექნიკებს, ლინზების გაპრიალებისა და სამედიცინო ანესთეზიის წინსვლას მოიაზრებენ, რადგან სწორედ ამით გახდა შესაძლებელი თვალის დახრილობების ზუსტად გამეორება. შედეგად, 1887 წელს პირველ პრაქტიკულ კონტაქტურ ლინზამდე მივედით, რომლის ავტორიც გერმანელი შუშის მწარმოებელი და მექანიკოსი F.A. Muller-ია.
კონტაქტური ლინზის დამზადების პროცესი დაახლოებით ასეთი იყო: მიულერი ადამიანის თვალის ზომებს ზედმიწევნით იღებდა, ყალიბს ცვილისგან ან თაბაშირისგან ამზადებდა და მინის აფეთქების ტექნიკას ლინზების შესაქმნელად იყენებდა — შუშის პატარა დისკს ათბობდა, აძლევდა შესაბამის დახრილობასა და სისქეს, რათა ადამიანის მხედველობა გამოესწორებინა. ხოლო მაღალი გამჭვირვალობა რომ ჰქონოდა, აპრიალებდა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან სწორედ ეს განაპირობებდა ლინზის კომფორტულობას. ბოლოს კი ადამიანს არგებდა და, საჭიროების შემთხვევაში, მცირე შესწორებებსაც აკეთებდა.
მართალია, დღეს კონტაქტური ლინზის ხსენებისას ავტომატურად მხედველობის კორექციას ვგულისხმობთ, მაგრამ მიულერის ლინზებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი წყარო გვეუბნება, რომ მხედველობის გასაუმჯობესებლად შეიქმნა, თუმცა მეორეს თანახმად, ლინზის მიზანი დაავადებული თვალის დაცვა იყო… მიუხედავად ამისა, ლინზებს ერთი რამ მაინც ჰქონდა საერთო — ესეც საკმაოდ დიდი იყო, მთლიან თვალს ფარავდა და ხშირად სჭირდებოდა ბუნებრივი საცხიც… მოკლედ რომ ვთქვათ, ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ იყო იმდენად დახვეწილი, რომ ფართოდ გამოეყენებინათ.
პირველი კონტაქტური ლინზა იდეალურისგან შორს კი იყო, მაგრამ ფაქტია, მან მაინც დიდი როლი ითამაშა მომავალ ტექნოლოგიურ თუ მეცნიერულ წინსვლაში. თუმცა რომ არა და ვინჩი და მისი ბრწყინვალე იდეები, შესაძლოა, რამდენიმე საუკუნით უკანაც ვყოფილიყავით.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი