საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე გეგმავს ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს, რასაც კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი სამართლებრივ უვიცობას უწოდებს.
შალვა თადუმაძემ “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი მიწერა, რომელშიც მას სთხოვს, რომ ლიეტუვის ელჩი სამინისტროში დაიბაროს და ამ შეხვედრას დაასწროს:
“რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი.
ასევე მსურს, მივიღო ოფიციალური განმარტება, თუ რა მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიმიჩნია ლიეტუვის სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დამრღვევად, მაშინ, როდესაც ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში განხილული მაქვს ხუთი ათასამდე სისხლის სამართლის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ ორი საქმე. (გიორგი უგულავას და დავით კეზერაშვილის საქმეები)
ჩემი თქვენდამი თხოვნისა და ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით აღვიდგინო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი ჩემი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები”, – აღნიშნულია წერილში.
კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილის განცხადებით, შალვა თადუმაძე სამართლებრივად სრულად უვიცია:
“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი არის სამართლებრივად სრულად უვიცი: სუვერენული პრეროგატივის სასამართლო კონტროლი სტრასბურგის მიერ არ ხორციელდება. საერთოდ სასამართლოს მიერ არ ხორციელდება, არსად; უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს ლიეტუვაში შესვლის მოთხოვნის ნულოვანი უფლება. სრულად ლიეტუვის სუვერენული პრეროგატივაა ვის შეუშვებს და ვის არა. უფლება არ არსებობს და ეს სასამართლოში ითხოვს დაცვას. ამას სტრასბურგი ჩინჩალაძის დუქანი ჰგონია,” – წერს ზედელაშვილი ფეისბუქის გვერდზე.
ლიეტუვამ საქართველოში „ოცნების“ 17 მაჩალჩინოსანი, მათ შორის ირაკლი კობახიძე და შალვა თადუმაძე 15 დეკემბერს დაასანქცირა.
ყოფილ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, რომელიც 2019 წლიდან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა, დიპლომში მითითებული აქვს, რომ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.
