„კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს

საჯარო რეესტრი რეგისტრაციაზე უარს ეუბნება საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიულ კავშირს. პროფკავშირის წარმომადგენელი, კახი სამხარაძე ამბობს, რომ უარი უკვე მეშვიდედ მიიღეს. მისი თქმით, საბაბი, რის გამოც საჯარო რეესტრი არ არეგისტრირებს, სამართლებრივი თვალსაზრისით მიუღებელია. ამის გამო „კონსტიტუციის 78-ე მუხლმა“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, პროფკავშირის 36-მა დამფუძნებელმა 2024 წლის 25 დეკემბერს საჯარო რეესტრის სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნაზე განცხადებით მიმართა. მათ წარადგინეს პროფესიული კავშირის სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება.
„საჯარო რეესტრმა, სადამფუძნებლო კრების ოქმის წარდგენის საბაბით, 2024 წლის 26 დეკემბერს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა შესრულებულ იქნა, საჯარო რეესტრმა კიდევ რამდენჯერმე განაცხადა უარი სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე. 2025 წლის 28 იანვარს კი საჯარო რეესტრის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. იმისათვის, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყო საჯარო რეესტრის მიკერძოებულ, დისკრიმინაციულ და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის მიმართ, საჯარო მოხელეთა პროფკავშირმა 2025 წლის 18 თებერვალს, რეგისტრაციის მოთხოვნით, ხელახალი განცხადება შეიტანა საჯარო რეესტრში. თუმცა, საჯარო რეესტრმა ამჯერადაც შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. ამჯერად პროფკავშირს სახელწოდება დაუწუნეს“, – წერია განცხადებაში.
TI აღნიშნავს, რომ ზუსტად მსგავსი დოკუმენტაცია, რომელიც დამფუძნებლებმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინეს, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა დაახლოებით იმავე პერიოდში დარეგისტრირებული სხვა პროფესიული კავშირებისათვის (მაგალითად, „საქართველოს მენეჯერთა, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა დამოუკიდებლი პროფესიული კავშირისთვის“ და „კოშკურა-ამწეს ოპერატორების პროფესიული კავშირისთვის“).
ორგანიზაციის შეფასებით, საჯარო რეესტრის „თვითნებური“ გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, არამედ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამ კონვენციას (N87, N98 და N151 კონვენციებს) რომელთა თანახმად, საქართველო ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიული კავშირების თავისუფლება ამ ქვეყანაში.
„სწორედ ამიტომ გუშინ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ საჩივარი შეიტანა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის შედგენაშიც, პროფკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, თავისი წვლილი შეიტანა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, – წერია განცხადებაში.
წყარო: publika.ge