კონსტანტინე ჩახუნაშვილი BBC-ის სტატიაზე- კვლევის ფარგლებში არ გვქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული. “კამიტი”-ს შემადგენლობას, ანტიდოტს, რა ეფექტები აქვს, ამის ლიტერატურას თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი-კვლევას მიეწერა, რომ ჩვენს საფუძველზე გასკდა ეს ამბავი
ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა და რომლის მამაც 4 ოქტომბრის “ხელისუფლების დამხობის” პროცესში მონაწილეობდა, გადაცემა “360 გრადუსში” BBC-ის სტატიის და მათ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრობს.
როგორც ექიმი აცხადებს, კვლევის ფარგლებში არ ჰქონდათ ინფორმაცია, აქციების დროს თუ რა მინარევები იყო გამოყენებული ცრემლსადენ გაზში და აქვე ამბობს, რომ ის საფუძვლიანად არ გაცნობია ლიტერატურას იმის შესახებ, თუ რა შემადგენლობა და ეფექტები აქვს “კამიტი”-ს.
“ჩვენი კითხვარი, დაახლოებით, 9 იანვარს ჩაეშვა. კითხვარის მიხედვით სუბიექტური მონაცემები დგინდება, რაც ზოგადად უფრო დაბალი ხარისხის მტკიცებულებაა, ვიდრე ობიექტური სამედიცინო მტკიცებულება, როგორც არის ლაბორატორიული კვლევა.
დღეს, ხაზგასმა ხდება იმაზე, რომ კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული, მაგრამ ჩვენი კვლევის ფარგლებში პირველივე ეს ინფორმაცია არ გვქონდა. კვლევას მიეწერა, რომ ჩვენს საფუძველზე ასე ვთქვათ, გასკდა ეს ამბავი. ამ “კამიტი”-ს (camite), შემადგენლობას, ანტიდოტს რა ეფექტები აქვს და ა.შ შემდგომ ლიტერატურას მე თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი და შესაბამისად, უფრო კომპეტენტური ხალხი იქნება, ვისაც შეუძლია პასუხის გაგცეთ. თუ ეს აგენტი, რასაც BBC-ი ამბობს, რომ მისი ინფორმატორები აწვდიან შიდა ინფორმაციას, რომ ეს იქნა გამოყენებული, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ჯანდაცვა, ექიმები უნდა გააქტიურდნენ”- ამბობს ჩახუნაშვილი.
ცნობისთვის, ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გამოძიების ფარგლებში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერია, რომ 2024 წლის პროტესტებისას გამოყენებულ წყლის ჭავლში სავარაუდოდ შერეული იყო ტოქსიკური ქიმიური აგენტი „კამიტი”- ბრომობენზილ ციანიდი. ხოლო, BBC-ის ერთ-ერთ მტკიცებულებად სწორედ ჩახუნაშვილის მიერ ჩატარებული კვლევა აქვს მოყვანილი.


