კონსტანტინე ჩახუნაშვილი გამოკითხვის შემდეგ – უნდათ თქვან, რომ BBC-ი დაეყრდნო ჩვენს კვლევას, რაც რეალობას არ შეესაბამება, ასევე, ეცდებიან, სისტემაში ვინმე გაწირონ

ჩემი აზრით, ამ გამოკითხვით მათ უნდათ თქვან, რომ BBC-ი დაეყრდნო ჩვენს კვლევას, ამით მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება. შესაძლოა, ეს ასევე იყოს დაშინების მცდელობა და თუ ეს ყველაფერი არ გაუვიდათ, ჩემი აზრით, ასევე ეცდებიან, ვიღაც დასაჯონ კიდევაც სიმბოლურად ან განტევების ვაცად, ვგულისხმობ, რომ სისტემაში ვინმე გაწირონ, – ამის შესახებ ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გამომძიებლები კითხვებს იმ კვლევის შესახებ უსვამდნენ, რაც ისედაც საჯარო და ხელმისაწვდომია.
„გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები, რომლებიც იყო ისეთი ხასიათის, თუ რაზეა ჩემი სამეცნიერო ნაშრომები, რაც ისედაც საჯაროა.
რაც დღეს მედიაში ტრიალებს, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, თითქოს ჩვენი კვლევა უდევს საფუძვლად იმ დასკვნას, რომლის მიხედვითაც გამოყენებულია კონკრეტული ნივთიერება. ეს ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა.
მე რამდენჯერმე მივაწოდე ინფორმაცია, რომ თუ აინტერესებთ, საიდან მივიდა BBC-ი ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36-ე წუთიდან არის მთელი 20-წუთიანი მონაკვეთი და შესაბამისად, შეუძლიათ, გაეცნონ. მე შევუთანხმდი, რომ ბმულს, რომელიც ისედაც საჯაროა, მივაწოდებდი და დაიდენტიფიცირებული მონაცემები ანუ ციფრები რაც არის, თუ დასჭირდებათ, შემიძლია მივაწოდო.
ჩემი აზრით, ამ გამოკითხვით მათ უნდათ თქვან, რომ BBC-ი დაეყრდნო ჩვენს კვლევას, ამით მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება და, შესაბამისად, ისე გამოიყვანონ, თითქოს BBC-ი ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. შესაძლოა, ეს ასევე იყოს დაშინების მცდელობა და თუ ეს ყველაფერი არ გაუვიდათ, ჩემი აზრით, ასევე ეცდებიან, ვიღაც დასაჯონ კიდევაც სიმბოლურად ან განტევების ვაცად, ვგულისხმობ, რომ სისტემაში ვინმე გაწირონ”, – განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?