საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი:
გასაგებია, რომ აზერბაიჯანს ეხლა დიდი გეოპოლიტიკური აღმაფრენა აქვს და ისიც გასაგებია, რომ ამ მდგომარეობის “თარგმნის” სურვილიც გაჩნდა სიმბოლოებში. ისიც ნათელია, რომ ალიევის კულტურის ცენტრი მოიაზრება, როგორც აზერბაიჯანის დომინაციის სიმბოლო საქართველოზე…
მაგრამ, იმისი არ იყოს, ის რაც დასაშვებია იუპიტერისთვისო…
მოკლედ, რეცეპტი სწორია. და არსებობენ ქვეყნები, რომელთაც აუშენებიათ დიდი საელჩო სხვა ქვეყანაში, საკუთარი პოლიტიკური წონის წარმოსაჩენად… ამ შემთხვევაში შენდება კულტურის ცენტრი (მიბმული საელჩოზე) რადგან გასაგებია, რომელ ქვეყანას აქვს დიდი საელჩო თბილისში და მას ვერ გადაახტებოდა ალიევი…
მაგრამ ეს რეცეპტი ვერ იმუშავებს ამ შემთხვევაში და ეხლავე გეტყვით რატომაც.
ჯერ ერთი ის რომ, აბანოთუბანი და ხარფუხი არ არის თბილისისთვის ის უბანი, სადაც წარმატებული კულტურის პოლიტიკის კეთება შეიძლება. კულტურული ცხოვრება თბილისში, სულ სხვა უბნებში მიმდინარეობს და წარმოუდგენელია ამ კულტურულ ცენტრს გაუწიო კონკურენცია პერიფერიიდან (დომინაციაზე აღარ ვლაპარაკობ).
ამავე დროს, ეს უბანი მაინც აბანოებთანაა კავშირში და იქ აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის გახსნა (თან ძველი აბანოს შენობის ფოიეში მოქცევით) ცოტა სასაცილო ასოციაციებს აღძრავს და ეს შეიძლება ხმამაღლა არავინ თქვას, მაგრამ მუდმივად იმუშავებს ამ კულტურის ცენტრის წინააღმდეგ…
შენობა ყველაფერი არაა (და ამ საქმეში მით უმეტეს) და საჭირო იქნება მისი ფუნქციური დატვირთვა. აი მანდ კი, ერთი ქართული ანდაზა უნდა გავიხსენოთ — “დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა, პატარაში სულ არ იყო”…
მესმის, რომ ალიევი ჩქარობს, ხუმრობა ხომ არაა წაქცეულები გვნახა ხალხი, რომელსაც კიტრად მოგვქონდა თავი კავკასიაში და მოსწრებაზეა… მაგრამ, კულტურულ დომინაციას ჭირდება კულტურა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს… პოლიტიკა ან მარკეტინგი მაგას არ შველის. ეს სტრატეგიები რაც აქვს აზერბაიჯანს საგარეო კულტურის პოლიტიკაში, მუშაობს აზერბაიჯანის ცნობადობაზე და ვიზიტორების მოზიდვაზე და ამ “ბუღალტრულმა” წარმატებამ შეიძლება საქმეში ჩაუხედავ პოლიტიკოსს შეუქმნას წარმატების ილუზია… მაგრამ, სხვა ქვეყნის კულტურაში, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ყურადღების მიპყრობისთვის და მით უფრო დომინაციისთვის აზერბაიჯანი ჯერ (რბილად რომ ვთქვათ) მზად არ არის.
აზერბაიჯანი ხელახლა აყალიბებს კულტურულ იდენტობას და ამისთვის საქართველოში დომინაციის ილუზიის შექმნა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. მაგრამ, ეს იქნება შიდა აზერბაიჯანული აღქმა და ამას საერთო რეალობასთან არაფერი ექნება. სინამდვილე კი ისაა, რომ ამ უბანში და ასეთი მასშტაბის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის აშენება ყოველთვის იქნება ღიმილის მომგვრელი და არა მგონია წაადგეს აზერბაიჯანის იმიჯის განმტკიცებას საქართველოში.
ეს ყველაფერი დაახლოებით იმას გავს, აი გასაპნული რომ მიადგე ოპერის კარს…




