საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი:
საქართველოს სულიერი დაახლოება გერმანულ კულტურასთან მე-19 საუკუნიდან დაიწყო. ქართველებისთვის გერმანული კულტურა წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს ევროპული კულტურის განსხეულებას.
და ობიექტურადაც ასეა, თუ ვსაუბრობთ თანამედროვე ევროპაზე, ეს არის შედეგი გერმანელი ხალხის როგორც იდეების და წარმატებების, ასევე შეცდომების და დანაშაულების.
გარდა ამისა, ქართველი ინტელექტუალები სწავლობდნენ გერმანიაში, ხოლო საქართველოს გერმანული დიასპორის გარეშე თანამედროვე საქართველოს ფორმირება ძნელად წარმოსადგენია, როგორც ქართული ხელოვნების და ისე ყოფითი კულტურის.
ასევე, დღეს ევროპაში გერმანიის ქართული დიასპორა უდიდესია და თან მათ დიდ ნაწილს უმაღლესი განათლება გერმანიაში აქვთ მიღებული, სრულად არიან ინტეგრირებული საზოგადოებაში და ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი თვითრეალიზებისთვის.
აღარაა საუბარი ბოლო ათწლეულებში გერმანიის წვლილზე ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და აღიარებაში.
გერმანიასთან ურთიერთობების გაუარესების ასე დაჟინებული მცდელობა, არის გაგრძელება იმ დივერსიული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის, რასაც ასე ღიად და აქტიურად ეწევა ოცნების მთავრობა. ჯერ საერთაშორისო პოლიტიკურ სუბიექტებთან, ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში მოხდა საქართველოს პოზიციების მიზანმიმართული გაუარესება. ეხლა კი საქართველოს უნდა დაუპირისპირონ საუკეთესო მეგობარი ქვეყანა.
გერმანიის ელჩისადმი დამოკიდებულება არის გაგრძელება მოღალატეობრივი პოლიტიკის და მისასალმებელია ნებისმიერი სოლიდარობის ჟესტი მის მიმართ და მით უფრო ასეთი მასშტაბის სოლიდარობის აქცია, რაც გაიმართა გერმანიის საელჩოსთან.