საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი:
ამ ბოლო დროს შესამჩნევად გახშირდა შეტევა საქართველოსთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ეს ხდება თითქოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის კონტექსტში, თუმცა რეალური მიზანი გაცილებით ფართოა — ქართული სახელმწიფოს ისტორიული საფუძვლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
ამ პროცესში ჩართულია ეროვნული ბიბლიოთეკის სტაჟიანი თანამშრომელი, რომელიც წლებია თავს ესხმის ქალბატონ პრეზიდენტს. ეს ყველაფერი შეიძლება სასაცილოდ დარჩენილიყო, თუმცა საქართველოს გეოპოლიტიკური ფერისცვალების ფონზე მისი მოქმედებები უკვე გასცდა პერსონალური შეურაცხყოფის ფარგლებს და მიმართულია საქართველოს, მისი ისტორიისა და კულტურის წინააღმდეგ. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხშირად ემთხვევა საბჭოთა, რუსულ და ზოგადად ანტიქართულ ნარატივებს, რომლითაც საბჭოთა პერიოდში დისკრედიტაციას უკეთებდნენ ქართულ ემიგრაციასა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას.
ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულია ემიგრაციის მუზეუმი, სადაც დაცულია გურამ შარაძის მიერ შეგროვებული ქართული პოლიტიკური ემიგრაციის არქივი და ბიბლიოთეკა — მასალები, რომელთა საფუძველზეც სურვილის შემთხვევაში მარტივად შეიძლება გადამოწმდეს აღნიშნული საკითხები.
დასანანია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები სათანადო პატივით არ ეპყრობიან იმ ადამიანების სახელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნისა და სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის განმტკიცებაში. მით უფრო დასანანია, რომ ასეთი დაუფასებლობა ეხება საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ მან გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას მისი მეუღლის, ჯანრი კაშიას პირადი ბიბლიოთეკა. გარდა ამისა, ემიგრაციის მუზეუმს უსახსოვრა მამის — ლევან ზურაბიშვილის ბიბლიოთეკა, რომელიც მნიშვნელოვან მასალას შეიცავს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის შესახებ. ამასთანავე, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმს გადასცა ფრანგულ ხელოვნებაში მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურების — გიიომ აპოლინერის, ჟან მესანჟერისა და ალბერ გლეზის — კუბისტური მანიფესტების პირველი გამოცემები.
გავრცელებული ცრუ ინფორმაციისა და ბრალდებების ფონზე აუცილებელია გავიხსენოთ ისტორიული ფაქტები.
1918–1921 წლების საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადადგა. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კულტურული ფასეულობების დაცვის საკანონმდებლო უზრუნველყოფას. სწორედ ამ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით განხორციელდა საქართველოს სამუზეუმო საგანძურის ევაკუაცია — ნაბიჯი, რომელიც იმ დროისთვის უპრეცედენტო იყო.
მსოფლიოში დღემდე მიიჩნევა, რომ კულტურული ფასეულობების ევაკუაციის პირველი პრეცედენტი იყო პრადოს ევაკუაცია ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. თუმცა ქართული ეროვნული საგანძურის ევაკუაცია შეიძლება განვიხილოთ ამ ტიპის ერთ-ერთ ადრეულ პრეცედენტად. პრადოს ევაკუაციას მოგვიანებით მოჰყვა ლუვრისა და ერმიტაჟის კოლექციების ევაკუაცია, ხოლო მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებამ საბოლოოდ გამოიწვია კულტურული ფასეულობების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნა — ჯერ ჰააგის კონვენციის, ხოლო მოგვიანებით UNECO-ს 1970 წლის კონვენციის მიღება.
იმ პერიოდში სამუზეუმო კოლექციების გაყიდვა ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლებოდა. საბჭოთა რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ვალუტის მოსაზიდად გაყიდა საიმპერატორო კოლექციების დიდი ნაწილი, ერმიტაჟის უმნიშვნელოვანესი ექსპონატები და საეკლესიო ნივთები.
არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა საქართველოს საგანძურს, რომ არა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ განხორციელებული ევაკუაცია. საფრთხე მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებისგან არ მოდიოდა — რთული ვითარება არსებობდა თავად საქართველოს შიგნითაც. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგაც კი ადგილი ჰქონდა საეკლესიო ქონების გაყიდვის შემთხვევებს. ამის მაგალითად კმარა 1920 წელს გელათის ძარცვა ეკლესიის მსახურების მიერ, ასევე საბჭოთა პერიოდში გახმაურებული საქმეები საეკლესიო ქონების მითვისებისა და გაყიდვის შესახებ (ეპისკოპოს კერატიშვილის საქმე).
რუსეთის იმპერიის ძარცვების შემდეგ ქართული კულტურული ფასეულობებისთვის კიდევ ერთი მძიმე პერიოდი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში მოქმედი „ტორგსინი“, რომელიც მოსახლეობისგან ოქროს, ვერცხლს, ძვირფასეულობასა და ანტიკვარიატს იღებდა დეფიციტური პროდუქციის სანაცვლოდ. ამ პროცესს შეეწირა ქართული არისტოკრატიისა და შეძლებული საზოგადოების უამრავი ისტორიული და კულტურული ღირებულების ნივთი.
საბჭოთა პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის დაცვას არაერთი ადამიანი შეეწირა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია დიმიტრი შევარდნაძეს, რომელმაც სიცოცხლის ფასად დაიცვა ხელოვნების მუზეუმის კოლექციები და მეტეხი.
დღეს, როცა პრეზიდენტის წინაპრების წინააღმდეგ დარტყმები ხორციელდება, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რეალურად ხდება საქართველოს ისტორიის რევიზიის მცდელობა.
სალომე ზურაბიშვილის წინაპრები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ. მისი ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი, ილია ჭავჭავაძის სურვილით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის დამაარსებელი იყო. ამავე პოლიტიკურ წრეში იყვნენ კედიებიც. იმ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უმრავლესობას სოციალ-დემოკრატები წარმოადგენდნენ და სახელმწიფო პასუხისმგებლობაც — მათ შორის კულტურული ფასეულობების ევაკუაციაზე — სწორედ მათ ეკისრებოდათ.
პრეზიდენტის წინაპრებისა და ზოგადად დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შეურაცხყოფით სინამდვილეში ხდება ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მისი შეფარული შეურაცხყოფა.
სწორედ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ამ ისტორიული და პროგრესული გადაწყვეტილების შედეგად გვაქვს დღეს ეროვნული მუზეუმი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
მეორე საკითხია, როგორ ვექცევით ამ საგანძურს დღეს. საკმარისია გავიხსენოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ხელოვნების მუზეუმის შენობების მდგომარეობა. საგანძური, რომლის გადარჩენისთვის მეოცე საუკუნის ქართველმა მოღვაწეებმა უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, დღეს ხშირად ან საერთოდ არ არის გამოფენილი, ან ეროვნული საგანძურისთვის შეუფერებელ პირობებში ინახება.




