იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა 64 წლის პოლიტიკოსი ქალი, სანაე ტაკაიჩი. ეს ნიშნავს, რომ იგი, დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრი გახდება – იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობას პირველად დაიკავებს ქალი.
კენჭისყრა ორ ტურად გაიმართა, რადგან ხმათა უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. როგორც გამოცემა The Japan Times წერს, მეორე ტურში ტაკაიჩიმ 185 ხმის მოპოვებით დაამარცხა სოფლის მეურნეობის მინისტრი, სინძირო კოიძუმი – რომელსაც 156 ხმა ერგო.
გავრცელებული მოლოდინით, ახალი პრემიერ-მინისტრის დასამტკიცებლად პარლამენტის რიგგარეშე სესია ოქტომბრის შუა პერიოდში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ დაკარგა უმრავლესობა ორივე პალატაში, მაინც მოელიან, რომ ამ პოსტზე ტაკაიჩის დაამტკიცებენ – რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს გაერთიანება თავიანთი კანდიდატის გარშემო.
პარტიის ლიდერის არჩევნები გაიმართა მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრი, შიგერუ იშიბა პოსტიდან გადადგა, ერთწლიანი სამსახურის შემდეგ. გამოცემა The Guardian აღნიშნავს, რომ ზომიერი შეხედულებებით ცნობილი იშიბას პრემიერად არჩევამ შარშან უკმაყოფილება გამოიწვია მისი პარტიის მემარჯვენე წევრებს შორის. ტაკაიჩი ამ პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად კონსერვატორი წევრია.
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია იაპონიის უმსხვილესი პარტიაა. მცირე წყვეტებით (საერთო ჯამში ოთხი წლის განმავლობაში) ეს პარტია ხელისუფლებაშია 1955 წელს მისი დაფუძნების მომენტიდან. 2009 წლიდან არსებობს ლიბერალ-დემოკრატებისა და “კომეიტოს” მმართველი კოალიცია.
შარშან ლიბერალ-დემოკრატებმა დაკარგეს უმრავლესობა ქვედა პალატაში, თუმცა კოალიციური პარტნიორების დახმარებით შეძლეს ხელისუფლებაში დარჩენა. მიმდინარე წლის ივლისში პარტიამ უმრავლესობა დაკარგა მრჩეველთა პალატაშიც – ანალიტიკოსები ლაპარაკობდნენ არჩევნებზე ულტრამემარჯვენე პარტია “სანსეიტოს” მიერ მოპოვებულ წარმატებაზე.
radiotavisupleba.ge
