კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით წელს 639 საჩივარი შევიდა, საიდანაც 70%-ის შემთხვევაში განმცხადებელი ქალია

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის ცხრა თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 639 განაცხადი დაფიქსირდა. მათ შორის, გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს – 70% ქალი და 30% მამაკაცი.
– აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 65 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 132 საქმეზე.
– GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 42 მოვაჭრეს – 71 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 43 701 ლარი.
– მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 125 საქმეზე – 108 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოყვება იმერეთი 2%, სამეგრელო ზემო სვანეთი 2% და სხვა რეგიონები.
მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 211, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 197, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 107, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 39, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 23, ფასის მითითებაზე 15, ხოლო სხვა დანარჩენზე 47.
საანგარიშო პერიოდში, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 11%-ს.