კონკურენციის სააგენტომ კინოთეატრები, tkt.ge და biletebi.ge დააჯარიმა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ გაყიდვის ბაზარზე დარღვევის ფაქტი დაადგინა. უწყების ცნობით, დაირღვა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, რაც კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას გულისხმობს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან, ასევე მოპასუხე მხარეებს, ჯამში 3 კომპანიას ჯამურად 1.6 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრა.
კერძოდ, ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – სადისტრიბუციო კომპანიას (შპს კავეა საბურთალო, შპს კავეა გალერია, შპს კავეა თბილისი მოლი, შპს რუსთაველი ჰოლდინგ სინემა, შპს ამირანი და შპს აპოლო ) სანქციის სახით 1 120 562 ლარი დაეკისრა.
შპს თინეთს (tkt.ge) 544 328 ლარი, ხოლო შპს ელ.ბილეთებს (biletebi.ge) კი 5 368 ლარი დაეკისრა.
“მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს სადისტრიბუციო კომპანიასა (Cavea) და შპს თინეთს (tkt.ge) შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს ელ ბილეთებიც, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე, biletebi.ge-ზე”. – წერია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს, კავეასა და tkt.ge-ს დაევალათ მათ შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა (ექსკლუზივი) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
სააგენტოს ცნობით, სანქცირებულ კომპანიებს უფლება აქვთ მათი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ.
სააგენტომ მოკვლევა biletebi.ge-ს საჩივრის საფუძველზე დაიწყო – შპს სადისტრიბუციო კომპანიის (Cavea) მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს სადისტრიბუციო კომპანიის (Cavea), შპს თინეთის (tkt.ge), სს ბანკისა და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე.