ქართულ ბიზნეს სექტორში გამსხვილების ტენდენცია სულ უფრო აქტუალური ხდება. დატვირთული 2024 წლის შემდეგ, ბიზნესი კომპანიების შერწყმა/შეძენის მიმართულებით კვლავ აქტიურია.
მიმდინარე წლის ორ თვეში კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამ კონცენტრაციაზე თანხმობა უკვე გასცა, ხოლო 3 საქმესთან მიმართებით პროცესები მიმდინარე რეჟიმშია.
როგორც სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი BMG-სთან აცხადებს, 2025 წელს კონცენტრაციებზე თანხმობა უკვე გაიცა FMCG სექტორში, ლუდის წარმოებისა და სამშენებლო დარგში.
სააგენტოში ელიან, რომ მიმდინარე წელი გარიგებების მხრივ შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო აქტიური იქნება, როდესაც სულ 18 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 18 კონცენტრაციიდან ხუთი FMCG ბაზარზე მოდიოდა.
„2024 წელს კონცენტრაციების კონტროლის მიმართულებით აქტივობა 2021-2023 წლების საერთო აქტივობას აღემატებოდა. შარშან სააგენტომ ჯამურად 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, აქედან 8 შემთხვევაში ბიზნესმა თვითონ მოგვმართა, ხოლო 10 შემთხვევაში კომპანიებმა კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს თავი აარიდეს, რაზეც სააგენტოს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. შარშან ყველაზე აქტიური სექტორი FMCG ბაზარი იყო, სადაც ხუთი კონცენტრაცია განხორციელდა. შედეგად, ბაზარზე მოქმედი ოთხი მსხვილი კომპანია უკვე ერთ ჯგუფს წარმოადგენს. თუმცა კონკურენციის სააგენტომ ჩათვალა, რომ დაგეგმილი ტრანზაქციები კონკურენტულ გარემოსთან თანხვედრაში იყო და თანხმობა გასცა. შემდეგი სექტორი, რომელიც შარშან აქტივობით გამოირჩეოდა, ცემენტის წარმოება იყო, სადაც ოთხ კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა.
მიმდინარე წელს სააგენტომ სამ კონცენტრაციაზე უკვე გასცა თანხმობა – FMCG სექტორში, ლუდის წარმოებისა და სამშენებლო დარგში. მიმდინარე განსახილველი გვაქვს ასევე სამი კონცენტრაცია. ეს სექტორებია სამშენებლო-დეველოპერული დარგი, მანგანუმის მოპოვება და ამწეების იმპორტი და იჯარით გაცემა“, – განაცხადა გიორგი ქედელიძემ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ჯამურად ყველაზე მეტი გამსხვილება FMCG ბაზარზე მოხდა. 2020-2024 წლებში ამ ბაზარზე კომპანიების 12 შერწყმა/შეძენის შემთხვევაზე გაიცა თანხმობა. გამსხვილების მხრივ, მეორე ადგილზე მშენებლობის სექტორია, სადაც 9 თანხმობა გაიცა. მესამეზე კი განათლების სექტორია, სადაც 5 გარიგება შედგა.
ამასთან, 2021-2024 წლებში, კონცენტრაციების კონტროლის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტომ შეამოწმა სულ 135 251 ტრანზაქცია შეამოწმა. შედეგად გამოვლინდა 20 შემთხვევა, როდესაც კონცენტრაცია განხორციელდა სააგენტოს გვერდის ავლით. ამგვარი დარღვევებისთვის, სააგენტომ ბიზნეს სუბიექტებს ჯამში 410 ლარამდე მოცულობის ჯარიმა დააკისრა.
