პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეკომენდაციით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) თხილის და მოცვის ბაზრების მონიტორინგი განაახლა.
როგორც GCCA-ში აღნიშნავენ, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია – კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება.
“GCCA-ის მიერ მოცვის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების მიხედვით, 2020-2024 წლებში, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 660%-ით მეტი მოცვი (4969 ტონა) ვიდრე 2020 წელს (654 ტონა). ღირებულებით ნაწილში კი ზრდამ შეადგინა 595%, 2020 წელს ექსპორტირებულია 11,4 მლნ. ლარის მოცვი, ხოლო 2024 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 78,420 მლნ. ლარამდე გაიზარდა.
2020-2022 წლებში, შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია, ხოლო 2023-2024 წლებში ინდექსი მხოლოდ მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ ზღვარს. ბაზრის ექსპორტის დონეზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა მზარდია. 2024 წლის მდგომარეობით ექსპორტს 51 კომპანია ახორციელებდა. 2020 -2024 წლის პერიოდში 5 მსხვილი კომპანიის წილი 54%-63%-ის არეალში იყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება თხილის ბაზრის მონიტორინგის შედეგებს – 2020-2023 წლებში, ხუთი მსხვილი ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე 37%-დან 47%-მდე მერყეობდა. საანგარიშო პერიოდში, თხილის ექსპორტი საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით ხორციელდებოდა იტალიაში (32%), რომელსაც მოჰყვება გერმანია (20%), სომხეთი (7%) და რუსეთი (4%).
საქართველოდან 2020 წელს – 289,8 მლნ. ლარის ღირებულების 16 675 ტონა, 2021 წელს – 365.7 მლნ. ლარის ღირებულების 23 465 ტონა, 2022 წელს – 277.1 მლნ. ლარის ღირებულების 21 848 ტონა, ხოლო 2023 წელს – 219.2 მლნ ლარის ღირებულების 16 169 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში 65-80 ერთეულის ფარგლებში მერყეობდა”,- აღნიშნულია GCCA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს მონიტორინგის ფარგლებში სწავლობს – პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, FMCG, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრებს.
