“ველი სთორის” სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი ნინი ჩაჩანიძე ელექტრონული კომერციის ქართული კომპანიებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარი უპირატესობა, რაც ქართულ ბრენდებს ჩინურ და სხვა უცხოურ პლატფორმებთან, მაგალითად Temu-სთან და Alibaba-სთან მიმართებით აქვთ, ხარისხიანი სამომხმარებლო გამოცდილება და მოქნილი პირობებია. ამის შესახებ ნინი ჩაჩანიძემ “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.
“დღეს ქართულ ელ.კომერციას ღია ბაზარზე უწევს კონკურენციის გაწევა ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიც Temu, Alibaba და სხვა კომპანიები არიან. ისინი იბრძვიან იმით, რომ აქვთ მრავალფეროვანი პროდუქცია, ძალიან დაბალი ფასები და აქტიური მარკეტინგული კომუნიკაციები. ქართულ ელ.კომერციას არ შეუძლია, რომ ეგეთი დაბალი ფასი ჰქონდეს, ან ამდენად მრავალფეროვანი პროდუქცია. ჩვენი ბრძოლა მდგომარეობს არა ფასში, არამედ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. ჩვენი მიზანიც ზუსტად ეგ უნდა იყოს, რითაც შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ, რომ ბაზარს შევთავაზოთ ნივთის მარტივად დაბრუნების პირობები, ლოკალური გარანტია, ადამიანური მხარდაჭერა და შევქმნათ იმაზე მეტი, ვიდრე ტრანზაქციაა. მგონია, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მომხმარებლები ამ ხარისხს დააფასებენ”, – ამბობს ნინი ჩაჩანიძე.
