„მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობაა ის, რაზეც ყველანი ფოკუსირებული უნდა ვიყოთ“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე.
კობახიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“, სადაც თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკა მშვიდობის და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუბრებაზევე კონცენტრირებული.
„როდესაც საუბარია მულტიპოლარულობაზე, რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ ამავდროულად, მულტიპოლარული მსოფლიო ასევე შესაძლებლობაა ყველასთვის, მათ შორის საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის. ამ რთულ სიტუაციაში, რომელიც არის მსოფლიოში, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეგვიძლია გავაღრმაოთ პარტნიორობები მსოფლიოს მასშტაბით. ამას საკმაოდ წარმატებით ვახერხებთ“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს აქვს დაახლოებით 50 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მათ შორის ევროკავშირთან, დსთ-ის ქვეყნებთან, გაერთიანებულ არაბთა ემირატებთან და ჩინეთთან.
„საქართველო ყოველთვის სტრატეგიულ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, აკავშირებდა დასავლეთს აღმოსავლეთთან და ჩვენი მიზანია აღვადგინოთ ეს ფუნქცია რამდენადაც შესაძლებელია. ამის ერთადერთი გზაა ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება მსოფლიოს ქვეყნებთან. იგივე ხედვა გვაქვს ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენი პატარა რეგიონის საკმაოდ კომპლექსურია, არის კონფლიქტები, მაგრამ საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში და ვფიქრობ, ყველა მეზობელი ქვეყანა აფასებს საქართველოს პოზიტიურ როლს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თბილისს მშვიდობიანი ხედვა აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართაც.
„თქვენ იცით, რომ ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მაგრამ ამ ვითარებაშიც, ჩვენ მივყვებით ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად ვატარებთ ერთგვარ ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას. გვაქვს ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობა რუსეთის ფედერაციასთან. ეს ასევე ჩვენი ხედვის ნაწილია“, — განაცხადა კობახიძემ.
იმის დასტურად, რომ ეს ხედვა მუშაობს, მან მოიყვანა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, და თქვა, რომ 2021 წლიდან მოყოლებული საქართველოს მშპ-ის ზრდა 9.4%-ია, რაც არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც ყველაზე მაღალია.
რაც შეეხება ალიანსებს, კობახიძის თქმით, საქართველოს მთავარი პრიორიტეტია, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ირგვლივ, განსაკუთრებით უკრაინაში, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად გახდება. ველოდებით ამ მომენტს. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სწორი ურთიერთობებისთვის სხვადასხვა ქვეყანას შორის, ამიტომ კონცენტრირებული უნდა მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა“, — განაცხადა კობახიძემ.
მან ანტალიის დიპლომატიის ფორუმზეც გაიმეორა არაფრით დადასტურებული მტკიცება, რომ 2022 წლის თებერვალში საქართველოს ორჯერ შესთავაზეს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა. თქვა, რომ ამის გამო თბილისს მოუწია პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვა და ზოგიერთ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები იმდენად გაურთულდა, რომ საქართველოს ელჩები იქ უსაქმოდ არიან დარჩენილნი.
„ამჟამად ჩვენ უნდა ვიარსებოთ ომის დროს. ამ სიტუაციაში დიპლომატიის ძალა უკიდურესად სუსტია. შემიძლია გითხრათ, რომ 2022 წლის თებერვალში მივიღეთ მოთხოვნა რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის შესახებ. ჩვენ კიდევ ერთი თხოვნა მივიღეთ 2022 წლის თებერვლის ბოლოს. იყო ძალიან უხეში პოლიტიკური ინტერესი საქართველოს წინააღმდეგ. დიპლომატია ვერ დაგვეხმარა და ჩვენ მოგვიწია ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის დასაცავად“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა, დიპლომატიის ძალის გარეშე.
„ამ დრომდე ვდგავართ გამოწვევების წინაშე და გვიწევს, უფრო მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები მშვიდობისა და ჩვენი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე, ვიდრე სხვადასხვა ქვეყნებთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ქართველი ელჩები პრაქტიკული სამუშაოს გარეშე არიან დარჩენილნი. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ ქვეყნებთან ურთიერთობა. და ისინი ხშირად ჩივიან. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ უნდა ველოდოთ მშვიდობის დროს“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია გაიმარჯვებს პოლიტიკაზე.
