კონკრეტული პროდუქტი გერმანიაში €2 ღირს, საქართველოში ₾19… უნდა შევისწავლოთ რატომ ხდება ეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი ნამდვილად გამოწვევაა.
„რაც შეეხება მედიკამენტების და სურსათის ფასებს, თქვენ იცით, რომ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები ამ თემასთან დაკავშირებით. პროგრესიც არის, მეტწილად მედიკამენტების კუთხით, სადაც სერიოზულად არის დაკლებული ფასები კონკრეტული კატეგორიის მედიკამენტებზე. სურსათის ნაწილში ნაკლებია პროგრესი, თუმცა მუშაობა გაგრძელდება. ეს არის გამოწვევა, მაგალითად არის კონკრეტული სასურსათო პროდუქტი, რომელიც გერმანიაში ღირს 2 ევრო და საქართველოში 19 ლარი.
არ ვიცი, რატომ ხდება ეს ყველაფერი, უნდა შევისწავლოთ. თუ შეგვიძლია ეს დავარეგულიროთ და დავუახლოოთ პროდუქტებზე ფასები ევროპულს, უნდა შევისწავლოთ დეტალურად, რა არის ამ მოცემულობის გამომწვევი მიზეზი. თუ შეგვიძლია შევამსუბუქოთ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა ფასების კუთხით, ინფლაციის კუთხით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. თუ სადმე არის მონოპოლიების პრობლემა, ესეც უნდა განვიხილოთ და ესეც უნდა გადაიჭრას“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ჯერ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს, რადგან საჭიროა მისი შესწავლა.
bm.ge